| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიშიკო მაჩაბელი![]()
Biographyმიშიკო მაჩაბელი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო ქართველ პროფესიონალ ფალავნებს შორის, რომელიც ცირკის ნახერხმოყრილ არენაზე ჭიდაობდა, მან მრავალი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, არაერთი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავდა არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის მთელ იმპერიაში, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა ობიექტურ მიზეზთა გამო არ მიუღია და მისი სახელი საერთაშორისო ოფიციალური ტიტულებით არ შემკულა. მიხეილ ციმაკურიძე წარმოშობით ობჩიდან იყო. დებიუტი 16 წლისას, ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეს ჰქონდა ქ. არმავირში და მისი პირველი მეტოქე ცნობილი ფალავანი ჩუკლავა იყო, შერკინება ფრედ დასრულდა. 1918 წელს მონაწილეობა მიიღო მოჭიდავეთა პიატიგორსკის ტურნირში, 1919 წელს კი წარმატებით გამოვიდა ბაქოს ცირკ "მოდერნში". იმავე წლებში იჭიდავა საქართველოშიც, გამოდიოდა ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის ცირკის არენებზე (სწორედ ქუთაისის ცირკში გამოსვლის წინ იყო, რომ მამამისს, თავმომწონე იმერელ ვაჟკაცს დავით ციმაკურიძეს ცირკში ჭიდაობა სათაკილოდ მიუჩნევია და შვილისთვის კატეგორიულად უთქვამს, ჩვენს გვარს საჭიდაო დიდება არ სჭირდება, ცირკში სათრეველად მას ვერ დაგანებებო. ისიც იძულებული გამხდარა, მამის მოთხოვნას დამორჩილებოდა და საჭიდაო ასპარეზისთვის ფსევდონიმი აერჩია. ბედად, ამ დროს გამოჩენილა ჭიდაობის ერთი მოყვარული, ქუთაისში მცხოვრები მისი ნაცნობი თავადი, გვარად მაჩაბელი, რომელსაც ეს ამბავი რომ გაუგია და თავად უთხოვია, მე ბედნიერი ვიქნები, თუ პატივს დამდებ და ფსევდონიმად ჩემს გვარს აირჩევო). 1923 წელს მიშიკო მაჩაბელი გამოვიდა სოხუმის დიდ ტურნირში, რომელშიც სახელგანთქმულ ნორკინს შეხვედა და დაამარცხა. ასტრახანის ცირკში დაუმარცხებია ძლიერი ფალავნები: რაგო, შმიდტი, ნელსონი, ანდერსონი, ერმაკოვი, ვილსონი და სხვები. ორენბურგის ცირკის საჭიდაო არენაზე მიშიკო მაჩაბელს ბეჭებით დაუნარცხებია პრესის მიერ ფართოდ რეკლამირებული და ძლიერი ფალავანი ალი მუჰამედი. მიშიკოს წარმატებით უჭიდავია რუსეთის იმპერიის 20-მდე სხვადასხვა ქალაქში. არ წაუგია არც ერთი შეხვედრა კრასნოდარში, ვორონეჟში, გროზნოში, კუიბიშევში. 1927 წელს სარატოვში მრავალი უძლიერესი პროფესიონალი მოჭიდავე შეკრებილა. ბოლო, გადამწყვეტ შერკინებაში მიშიკო მაჩაბელს დაუმარცხებია ლევრენტოვი და უძლიერესის სახელიც მოუპოვებია. ტრიუმფალურად გამოსულა მოსკოვის ცირკში. შემდეგში მას ასევე წარმატებით უჭიდავია პენზაში, უფაში, სამარყანდში, ტაშკენტში. XX საუკუნის 30-იან წლებში გამოდიოდა თბილისის ცირკში, სადაც უძლიერეს პროფესიონალთა ტურნირები იმართებოდა. იმ დროს საქართველოში საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ საქვეყნოდ აღიარებული ფალავნები: ვსევოლოდ ხერცი, პიოტრ და პაველ ზაგორიუკოები, ელდარ გეოგჩაილი, ფრანკ გუდი, ბოგატირიოვი (ალექსანდრ მაზური, 1955 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში), გობოზოვი, ზაიკინი. მ. მაჩაბელს არაერთხელ უჭიდავია თავის მშობლიურ ზესტაფონშიც ბონდის ხიდთან მდებარე საზაფხულო ცირკში რომელსაც "ბარაბანს" ეძახდნენ, ზესტაფონში მისი მეტოქეები ყოფილან ცნობილი ფალავნები: ავგუსტ პეტერსონი, ალი ისმაილი, ელდარ გეოგჩაილი, მიშიკო ბაბალიკაშვილი, ლავრენტი კახეთელიძე და სხვები. მ. მაჩაბელმა ცხოვრების ხანგრძლივი გზა განვლო. მეოცე საუკუნის თანატოლი, ის საქართველოს ორივე დამოუკიდებლობას მოესწრო და 1991 წელს გარდაიცვალა 91 წლისა. იგი მონაწილე, თვითმხილველი და მომსწრე იყო საქართველოში ჭიდაობის განვითარების, მ. მაჩაბელი საქართველოში ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბის დაარსებასაც მოესწრო, რომლის პირველ პრეზიდენტად მისი შვილი აირჩიეს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნასაც, რომლის დამფუძნებელი და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელი წევრი დავით ციმაკურიძე იყო. მიშიკო მაჩაბელმა პროფესიული სარბიელი 1940 წელს დატოვა. მოჭიდავე. დავით (ამურ) ციმაკურიძის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.101; დავით ციმაკურიძე, / პაატა ნაცვლიშვილი.-თბ., 2011.- გვ.9-11
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

