| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ გოლეთიანი (მღვდელი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაკურალეში, ლეჩხუმის მაზრა, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის სემინარიის სამი კლასი 1876 წელს. დაიბადა მღვდლის ოჯახში (მამა პავლე, პაპა დავითი, პაპის მამა ათანასე და ათანასეს მამა გიორგი, ასევე მღვდლები იყვნენ); 1877–1880წწ. მუშაობდა სოფლის ერთკლასიანი სამინისტრო სკოლაში (სად არ ჩანს) პედაგოგად; 1880-1885წწ. საფოსტო უწყების, კასპიისპირეთის ოლქის საფოსტო უწყების ახალტეკინის საექსპედიციო ჯგუფში საველე ფოსტალიონად; კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით "ერთგულებისათვის" წმ. სტანისლავის ლენტზე; 1884 წლის 9 დეკემბერს, ავადმყოფობის მიზეზით, სახლში დაბრუნდა შვებულებით და გამოჯანმრთელების შემდეგ აღარ ჩავიდა სამსახურში, რის გამოც გაათავისუფლეს; 1886 წლის 1 ოქტომბრიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის თანამშრომელია; 1886 წლის 20 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 25 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ოფიტარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა; 1888 წლის 1 აპრილს ცაგერის ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა; მისი მცდელობით და ლაჩეპიტის მიწერილი ეკლესიის მრევლის სურვილით ლაჩეპიტის ეკლესია გადაიტანეს უფრო მოხერხებულ ადგილზე და აიგო ახალი სამრეკლო, რომელიც 1891 წელს აკურთხეს; ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ოფიტარის ახალი ეკლესიის აგებაში, რომელიც 1893 წელს აკურთხეს და იმავე ეკლესიასთან არსებული საეკლესიო სამრევლო სკოლის აგებაში; დიდია მისი დამსახურება ორივე ეკლესიისა და სკოლისათვის საჭირო ნივთების შეძენაში; 1894 წლის 21 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა; 1899 წლის 9 ივლისს სკუფია უბოძეს; 1900 წლის 13 ივნისს ნასპერის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს; 1902 წლის 25 თებერვლიდან მღვდელი ანტონი ცაგერის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია; 1904 წლის 14 მაისს კამილავკა ეწყალობა; 1904 წლის 16 წექტემბერს პენსიაზე გავიდა; შთამომავლების გადმოცემით, მღვდელი ანტონი 1917 წელს გარდაიცვალა; გარდა სასულიერო მოღვაწეობისა მღვდელი ანტონ გოლეთიანი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესაში, "მწყემსში", "შინაურ საქმეებში"; 1899 წელს აქვს დაწერილი სტატია "ხვამლის მთაზე აღსრულებულ სასწაულზე, რომელიც იქ მის თვალწინ წმ. გიორგის ხატის წინ აღესრულა"; აი, რას წერდა იგი: "წელს დიდი წვიმები არ ყოფილა ჩვენკენ და ამიტომ არც მიწა გამბალა საკმაოდ, ხოლო ივნისიდგან ვიდრე 27 ივლისამდე არა თუ წვიმით არ გამაძღარა მიწა, ცვარიც კი არ ყოფილა, რადგან ღამე ცა ღრუბლით იხურებოდა და დღე ძლიერი სიცხეები სწვავდა. ბალახი გახმა, წყლები ალაგ-ალაგ დაშრა, კაცი და საქონელი შეწუხდა აუტანელი სიცხისგან. ხალხი შეაწუხა შიმშილის მოლოდინმა. ეკლესიებიდან ხატებს ასვენებდენ მდინარე წყლებზედ დასაბანათ ლიტანიით. მაგრამ არ შეიქმნა საშველი. ბოლოს 27 კვირიკობისთვეს სოფელს ოყურეშიდან წაასვენეს ხვამლის მთაზედ ორი დიდი და დიდებული წმინდის გიორგის ხატი, ეს ორი ხატი შესანიშნავია მთელს მაზრაში თავის სიდიადით, დიდებული მორთულობით, სიძველით და სასწაულმოქმედობით. ხალხის მოთხრობით ეს ორი ხატი ძველ დროში დასვენებული ყოფილა ხვამლზედ, სადაც ყოფილა ეკლესია და ბერების მოსახლეობა. წერილობით თუმცა ამაზედ არა სჩანს რა, მაგრამ ხვამლზედ ახლაც სჩანს და ატყვია ძველი ნაეკლესიები, ტრაპეზი, შენობის ნანგრევები სულ თლილი საპატიო ქვებისაგან, გალავანი, ბერების სენაკების ნაშთები და სხვ. ეხლა დაუბრუნდეთ ლიტანიობას. 27 კვირიკობისთვეს შუადღეს პაპანაქება სიცხეში გავემგზავრეთ ოყურეშის ეკლესიიდან ხვამლისკენ ასიოდე კაცი და ქალი, ხატებს მიასვენებდა ოთხ-ოთხი კაცი ჯალავრით. ლიტანიას წინ მიუძღოდენ განუწყვეტელი ბუკის კვრით და ზარების რეკა დიდხანს არ შეწყვეტილა. ხალხი ფეხშიშველა მიჰყვებოდა სასწაულთმოქმედს ხატს და ცრემლით შესტიროდა თავის გაჭირვებას. ხატები დავასვენეთ ნატრაპეზალზედ, აუნთეთ სანთლები და დაჩოქილებმა გარდავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და აი, ცხოველი სასწაული! ისმინა უფალმან ვედრება ჩვენი: რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა... გაჩნდა ნისლი მთის გარშემო, დაგვიახლოვდა და გარს შემოგვერტყა. ამას მოჰყვა ცივი ქარი, გასქელდა ნისლი და აიწია თანდათან მაღლა, შეიქმნა ქუხილი, ელვა და ბოლოს ნელი წვიმა. ჩვენს სიხარულს და მადლობას წმინდა გიორგისადმი აღარ ჰქონდა საზღვარი. ჩემს დღეში ასე ცხოველი სასწაული არ მინახავს და ახლა კი მჯერა, რომ ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით. იმ ღამეს ხალხმა თავი შეაფარა ახლო მდებარე გამოქვაბულებს და კლდის ნაპრალებს. მეორე დილით კვლავ გარდავიხადეთ მუხლმოყრით სამადლობელი პარაკლისი და გულდამშვიდებული დავბრუნდით სოფელში წმინდა ხატებით. იმ დღიდან გაიხსნა ცა და იწვიმა საკმაოდ. ღმერთო, უშველე გაჭირვებულს მდაბიო ხალხს, რომელსაც ყოველს ჭირსა და ლხინშიდ აქვს ერთადერთი უტყუარი იარაღი – სარწმუნოება, სასოება და მხურვალე ვედრება"; სამწუხაროდ, 1910 წელს ეს წმინდა ხატები გაიძარცვა, რასაც გაზეთ "შინაურ საქმეებში" მოჰყვა მამა ანტონის სტატია, სადაც იგი გულისტკივილით აღნიშნავდა იმ უკუღმართობასა და ზნედაცემულობას, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაბედეს და გაძარცვეს ეს ისტორიული ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედად მიიჩნეოდა. აი, რას წერდა იგი: "ვაი ჩვენი ბრალი, რა დროს მოვესწარით! უმჯობესი იყო ოცი-ოცდაათის წლის წინეთ მეორეთ მოსვლას ან წარღვნას დავსწრებოდით. თანდათანობით გავარჯიშებულმა უკუღმართობამ ასე შეგვიჩვია, რომ ქვეყანა რომ დაიქცეს სიცილ-ხუმრობას დავიწყებთ. გასაოცარი ამბავი მაქვს სათქმელად, მაგრამ სულის და გულის მღელვარებით სიტყვა ვერ მომიფიქრნია დასაწყებად... მძარცველები კი დააპატიმრეს, მაგრამ ჯერჯერობით ნაძარცვი ნივთები არ ჩანსო". დასასრულ იგი წერდა: "ამ ამბის გამო ოყურეშის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღარ სრულდება. მრევლი მგლოვიარეთ დასტირის თავზედ გაძარცვულ ხატებსო". მამა ანტონ გოლეთიანის შვილიშვილის (ანტონ გოლეთიანის) ოჯახში დაცულია მის მიერ შედგენილი დაახლოებით 300-გვერდიანი უცხო სიტყვათა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონის ხელნაწერი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

