| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ აქირთავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭუბურხინჯი, გალის რაიონი. დაამთავრა საეკლესიო-სამრევლო სკოლა; სტავროპოლის გიმნაზია და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ხარკოვში ყოფნის დროს თავიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1914 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში და აქტიურ რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა ხარკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. უნივერსიტეტში მასთან ერთად სწავლობდნენ, შემდგომში აფხაზეთის ცნობილი რევოლუციონერები: ნ. ლაკობა, ს. კარტოზია და ი. მარღანია. 1916 წელს ნიკოლოზ აქირთავა რევოლუციური მოღვაწეობის გამო დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ, 1918 წლამდე მუშაობდა ხარკოვის ერთ-ერთ საწარმოში აღმრიცხველად და კანტორის მუშაკად. 1917 წლის თებერვლისა და განსაკუთრებით ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, იყო ხარკოვის კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს იურიდიული განყოფილების გამომძიებელი. მონაწილეობდა კ. ვოროშილოვის არმიის მიერ, 1918 წლის მაის-ივნისში ლუგანსკიდან ცარიცინისაკენ მოწყობილ ლაშქრობაში. ნიკოლოზ აქირთავა ნახევარი წლის მანძილზე იბრძოდა აღნიშნული არმიის რიგებში. შემდეგ მუშაობდა ცარიცინის კომენდატურის სამმართველოში და ეწეოდა საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლოდ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობას. 1918 წლის სექტემბერში კვლავ ხარკოვში გაგზავნეს, მუშაობდა სამხედრო ოლქის კომისარიატში, მეთაურობდა სპეცდანიშნულების რაზმებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა უკრაინის მთავრობის სააგიტაციო-საგანმანათლებლო განყოფილებას. 1919 წლის დასაწყისში ნიკოლოზ აქირთავა დაბრუნდა აფხაზეთში. იმავე წლის მაისში იგი ნ. სვანიძესთან ერთად სამურზაყანოში შეუდგა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის აღდგენას. ნიკოლოზ აქირთავა არჩეულ იქნა რკპ (ბ) სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად. 1920 წლის თებერვალში ნიკოლოზ აქირთავა, როგორც "უაღრესად საშიში და მავნე პიროვნება", აფხაზეთის კომისარიატის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ იქნა დაპატიმრებული და მოთავსებული სოხუმის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მუშაობა გააგრძელა ბოლშევიკური პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტში. 1920 წლის აგვისტოში გაემგზავრა ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის ხალხთა I ყრილობის მუშაობაში. იგი ბაქოში მუშაობდა ადგილობრივ ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და ერთდროულად ასრულებდა სერგო ორჯონიკიძის დავალებებს, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ მდგომარეობასთან აფხაზეთში. 1921 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება. შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც გამოაცხადა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველო, თითქმის ერთდროულად შეიქმნა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი ეფრემ ეშბას (თავმჯდომარე), ნესტორ ლაკობასა და ნიკოლოზ აქირთავას შემადგენლობით. ნიკოლოზ აქირთავას ხელმძღვანელობით აფხაზეთის პარტიზანული რაზმები, ადლერისა და სოჭის წითელგვარდიელები შეტევაზე გადავიდნენ მდინარე ფსოუს გასწვრივ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების წინააღმდეგ, მაგრამ წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხერხდა. ამისათვის ნიკოლოზ აქირთავამ აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის სახელით თხოვნით მიმართა სერგო ორჯონიკიძეს აჯანყებულთა დასახმარებლად გამოეგზავნათ წითელი არმია. ნიკოლოზ აქირთავა მისი რაზმით შეუერთდა წითელი არმიის ნაწილებს. ის დანიშნეს 31-ე მსროლელი დივიზიის პოლიტმუშაკად. 1921 წლის 4 მარტს აფხაზეთში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. ნიკოლოზ აქირთავას დაუქვემდებარდა სახალხო განათლების, იუსტიციის, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები. ამავე დროს ის იყო რკპ (ბ) აფხაზეთის ორგბიუროს წევრი. მოგვიანებით მუშაობდა აფხაზეთის რევკომის თავჯდომარის მოადგილედ, საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრად და სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარედ. 1922 წლის მარტში დანიშნეს გაზეთ "გოლოს ტრუდოვოი აბხაზიის" პასუხისმგებელ რედაქტორად და კომკავშირის საოლქო კომიტეტში პარტიის საოლქო კომიტეტის მუდმივ წარმომადგენლად. აპრილში აირჩიეს პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1923 წლიდან მუშაობდა კავკასიის წითელდროშოვანი წითელი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ თბილისში. 1924 წლის აგვისტოში დანიშნეს სამხედრო-საზღვაო ინსპექციის უფროსად და ამიერკავკასიის "მუშგლეხინის" კოლეგიის წევრად. 1925 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ და რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისრად. 1926 წლის აპრილიდან 1927 წლის დასაწყისამდე იყო სკპ აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი, 1927 წლის ოქტომბრამდე საქართველოს "მუშგლეხინის" სახალხო კომისრის მოადგილე და სხვ. 1927 წელს ტროცკისტობის ბრალდებით დააპატიმრეს, გარიცხეს რკპ (ბ) რიგებიდან და გადაასახლეს კოკანდში. 1934 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. მას უარი ეთქვა პარტიის რიგებში დაბრუნებაზე. 1935 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1937 წელს თბილისში დააბრუნეს, სადაც გამოუტანეს განაჩენი - დახვრეტა. 1954 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. აფხაზი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

