The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე მარღანია

პეტრე მარღანია
სხვა სახელი:პიერ მარღანი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1896
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1957  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, მწერალი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

პეტრე მარღანია სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსული არმიის როტმისტრი იყო, ირიცხებოდა დროზდოვის დივიზიაში. სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალები 1919-1920 წლებში სამხრეთ რუსეთის "თეთრგვარდიელთა" ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება იყო, რომელიც 1919 წლის 8 იანვარს ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივად მებრძოლ მოხალისეთა არმიისა და დონის რესპუბლიკის კაზაკთა ჯარის გაერთიანებით შეიქმნა. ყირიმის ევაკუაციამდე პეტრე მარღანია სევასტოპოლის საზღვაო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, შემდეგ კი ხომალდ "რუმიანცევით" იქნა ევაკუირებული. იგი გატაცებული იყო ლიტერატურით. დიდი წარმატება ხვდა წილად მის პიესას "მაჰაჯირები", რომელიც 1918 წელს როსტოვში, ემიგრირებამდე დაიდგა. 1920 წელს დიმიტრი გულიამ ამის თაობაზე გაზეთ "Апсны"-ში შენიშვნაც კი გამოაქვეყნა. თანამედროვეები მას პოეტადაც იცნობდნენ: არსებობს ცნობები, თითქოს 1914-1916 წლებში დონის როსტოვში მისი წიგნი გამოიცა. წიგნი შეიცავდა სამ პიესას, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ხსენებული "მაჰაჯირები" იყო. 1921 წელს პეტრე მარღანია იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1926 წელს მან გაიცნო აისედორა დუნკანი და მისი პირადი მდივანიც გახდა. პეტრე მარღანიას ნარკვევი "აისედორას უკანასკნელი სასიყვარულო ბარათი" აისედორა დუნკანის სიცოცხლის ბოლო წლებს ეხება. იგი დაქორწინებული იყო სამჯერ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ პეტრე მარღანია ბევრს მოგზაურობდა ევროპაში - გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, საბოლოოდ კი 1937 წელს იტალიაში, მილანში დასახლდა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იტალიურ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა პეტრე მარღანიას სტატიები და ჩანახატები. მილანში მისი ლიტერატურული ნაწარმოებების ორტომეულიც კი დაიბეჭდა. იგი იყო პოპულარული ჟურნალისტი, 1955 წელს იტალიურ გაზეთ "IL Secolo d' Italia"-ს რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა სტატიების მთელი ციკლი, მათ შორის სტატია "ეკლიანი გზა", რომელიც მკითხველს მოკავშირეების მიერ საბჭოთა მხარისათვის კაზაკების გადაცემის შესახებ მოუთხრობდა. 1955 წელს იმავე გაზეთში  "Il Secolo d'ltalia" გამოქვეყნდა პეტრე მარღანიას სტატია სათაურით "საბჭოეთის ტერიტორიაზე ქართველთა განადგურება გრძელდება". აღნიშნულ სტატიაში პეტრე მარღანია მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან 1801 წლამდე. პეტრე მარღანია პოპულარიზაციას უწევდა საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას. იგი წერდა: "Я абхазец-горец вольный, где б я ни был, край родной - для меня кумир святой". (აფხაზი ვარ, მთების ლაღი შვილი. სადაც უნდა ვიყო, ჩემი წმინდა კერპი - ჩემი მშობლიური მხარეა). დიმიტრი მარღანიას შვილი, კონდრატე (კონსტანტინე) მარღანიას ძმა. აფხაზი დიდგვაროვანი, აფხაზური ემიგრაციის წარმომადგენელი. 
წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.,თბილისი, 2020. გვ.234-241

გააზიარე: