The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა მაღაროელი

სხვა სახელი:თომა ნასიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1872  (153 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

სწავლობდა სოფელ მაღაროს სკოლაში, შემდეგ დაამთავრა სოფელ საცხენისის ორკლასიანი და თბილისის უმაღლესი სასწავლებელი (საოსტატო ინსტიტუტი).

ზეპირად იცოდა "ვისრამიანი", "ყარამანიანი", "ქალ-ვაჟიანი" და სხვ. ხელოვნების დიდმა მოყვარულმა თავისით შეისწავლა მხატვრობა, მუსიკა და სხვ. მსახურობდა თბილისის სახაზინო პალატაში, ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოში და რკინიგზის ფოსტის ვაგონის უფროს მოხელედ. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს გაფიცვის მოწყობის, პროპაგანდა-აგიტაციისა, არსებული წეს-წყობილების დასამხობად მოწოდებისა და სრულიად რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის კავშირში მონაწილეობისათვის 1906 წლის 28 იანვარს მეტეხის ციხეში ჩასვეს, რის გამო შემდეგ სამსახურში აღარ მიიღეს და კერძო ვექილობას მიჰყო ხელი. მონაწილეობდა "ქართული კლუბის" დაარსებაში, რომლის ერთ-ერთ პირველ მამასახლისად აირჩიეს. დიდი ამაგი დასდო ამ კლუბის განვითარებას. 1909-1915 წლებში ხელმძღვანელობდა ავლაბრის სახალხო თეატრს. შეადგინა ამავე თეატრში სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წესდება, იყო ამავე წრის თავმჯდომარე 1911-1915 წლებში. ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი,  ჩასაბერ საკრავთა ორკესტრი. მართავდა კონცერტებს, ლიტერატურულ წარმოდგენებს და სხვ., რითაც ხალხში შეჰქონდა ეროვნულ-ხალხოსნური თვითშეგნება და ხელოვნების სიყვარული. ასრულებდა რეზონიორთა (ძველებური რომანის ან პიესის პერსონაჟი, რომლის პირითაც ავტორი გამოთქვამს თავის შეხედულებებს ნაწარმოებში აღწერილი ამბების შესახებ და იძლევა დანარჩენი მოქმედი პირების მორალურ დახასიათებას) როლებს და სხვადასხვა გუნდშიც მონაწილეობდა, როგორც მომღერალი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ისევ მიიწვიეს სამსახურში, ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოში კავშირის გამგეობის წევრ-მდივნად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს, წერდა თანამედროვე საზოგადოებრივი საკითხების შესახებ ("სახალხო საქმე", "Речь", "საქართველო", "თეატრი და ცხოვრება" და სხვ.), ქართულად – თ. მაღაროელისა და რუსულად – Магарский-ს ფსევდონიმებით. რუსულიდან თარგმნა პოტაპენკოს ისტორიული მოთხრობა "ჯვარისა და სარწმუნოებისათვის საქართველოს წარსულიდან". სოციალ-ფედერალისტი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილებ, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1899-1911)

გააზიარე: