The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩხოტუა

ზურაბ ჩხოტუა
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1975  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პრილი, ლოზანა, შვეიცარია.
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ელისავეტგრადის (ახ. კიროვოგრადი, უკრაინა) კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი 1915 წელს; დიდი მთავარ კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელობის ოდესის კადეტთა კორპუსი 1917 წელს.

დაიბადა სიმონ (მიხეილ) ჩხოტუასა და ელისაბედ ტერ-არუთინოვას ოჯახში. იყო ყაბარდოული პოლკის ოფიცერი სამოქალაქო ომის წლებში (1918-1920) ახალგაზრდა ოფიცერი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის კავალერიაში მსახურობდა, ხოლო შემდეგ  ვრანგელის თეთრგვარდიელთა არმიაში. 1920 წლის ნოემბერში მოკავშირეთა გემით დატოვა ყირიმი და ემიგრაციაში წავიდა. 1931 წელს მან თხოვნით მიმართა შვეიცარიის მთავრობას, რომ მისთვის ქვეყანაში შესვლის ნება დაერთოთ, მას თავდებში ვერონიკა ემუხვარი დაუდგა, მაგრამ მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. ცხოვრობდა ჯერ რუმინეთში, შემდეგ კი ამერიკაში. რუმინეთში ზურაბ ჩხოტუამ 15 წელი გაატარა. იყო თავად ნიკოლაე რუმინელის მამულების მმართველი სნაგოვში, ბუქარესტთან ახლოს. 1937 წელს შევსებულ დეკლარაციაში თავს მოიხსენიებს, როგორც ზურაბ ჩხოტუა-საბერიოელი. 1935 წელს მან ნელა ტეოდორესკუზე იქორწინა. 1936 წლის დეკემბერში ზურაბ ჩხოტუა ამერიკაში ჩავიდა, მისი მეუღლე კი რუმინეთში დარჩა. ამერიკაში ზურაბს ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას ოჯახმა უმასპინძლა, რომელიც იმჟამად სანტა-ბარბარაში ცხოვრობდა. ემიგრაციაში ზურაბ ჩხოტუამ მეღვინეობა შეისწავლა, ღვინის წარმოების ექსპერტი გახდა და ამერიკაში კონიაკის გამოშვებას გეგმავდა. 1942 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. 1943 წელს სანტა-ბარბარას სამხატვრო მუზეუმში მისი ნახატების გამოფენა შედგა. 1945 წელს  სან-ფრანცისკოს გალერეა "City of Paris"-ში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა, 1946 წლის ნოემბერში კი ამავე გალერეაში მისი პერსონალური გამოფენაც გაიმართა. 1949 წელს ზურაბ ჩხოტუა სან-ფრანცისკოში დაქორწინდა ამერიკის მოქალაქე ვირჯინია ჰობარტ-ბოლდუინზე. ვირჯინია მილიონერის, აქციების, მამულებისა და ჰოლდინგის მფლობელის, ოქროსმწარმოებლის, ვალტერ სკოტ ჰობარტის ქალიშვილი და მულტიმილიონერ ჩარლზ ბოლდუინის ქვრივი იყო. მათი ქორწინება ოთხ წელიწადში დასრულდა. 1950 წლის აგვისტოში პარიზში მოღვაწე დევნილმა საქართველოს მთავრობამ თავის არაოფიციალურ წარმომადგენლად აშშ-ში ზურაბ ჩხოტუა დანიშნა. ამ ნაბიჯით მთავრობა ცდილობდა დაეცვა საქართველოს უფლება, მოეპოვებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და, შეძლებისდაგვარად წინ აღდგომოდა რუსული ემიგრანტული ორგანიზაციების განწყობას. თავად ზურაბი აღნიშნავდა, რომ მისი უპირველესი მიზანი იყო საქართველო თავისუფალი ევროპის კომიტეტში მიეღოთ, რაც ფაქტობრივად, ვაშინგტონის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ "თავისუფლების" ქართული რედაქციის დაარსებაში, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1951 წლის 26 მაისს. იმავე წლის ნოემბერში კი მისი ძალისხმევით "ამერიკის ხმის" ქართული პროგრამები რუსული განყოფილებიდან ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში გადაიტანეს. ეს დადებით მოვლენა იყო, რადგან შესაძლებელი გახდა იმ ცენზურისა და უთანხმოების თავიდან აცილება, რომელიც რუსულ განყოფილებაში ქართული პროგრამების არსებობის დროს ხშირად იჩენდა თავს. ცივი ომის პირველივე წლებიდან ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობას ცდილობდა. ფინანსურ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებს და ხელს უწყობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემას. ამავე დროს იყო ნიჭიერი მხატვარი, რომელმაც ამერიკულ აუდიტორიას საქართველო და კავკასია თავისი შემოქმედებით გააცნო. გამოფენები ჰქონდა ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და პარიზში. ზურაბ ჩხოტუას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ემიგრაციის მისია და იმდროინდელი საქართველოს რეალობა, ის წერდა: "ქართული ემიგრაცია წარმოადგენს საკუთარი ერის ერთადერთ ნამსხვრევს, რომელსაც მოქმედების თავისუფლება აქვს დატოვებული. ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს - მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და ფიქრები კეთილი საქმიანობისაკენ, რომლის მიზანია ქვეყნის ინტერესების დაცვა და მისი განთავისუფლება საბჭოთა მონობისაგან. მოცემულ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა, რომლის დაძლევა მხოლოდ ზებუნებრივი ძალებით არის შესაძლებელი". ცხოვრების ბოლო ათი წელი ზურაბ ჩხოტუა ბევრს მოგზაურობდა. ესტუმრა ეკვადორს, ჰავაის კუნძულებს, ხშირად ჩადიოდა საფრანგეთში და შვეიცარიაში. აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას, ეს განსაკუთრებით ჟურნალ-გაზეთების გამოცემას ეხებოდა, ეხმარებოდა ქართულ ეკლესიასაც. "მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, და მთავრობისათვის სასარგებლო კავშირები დავამყარე. ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემი სინდისი მკარნახობდა, და რისი გაკეთებაც აუცილებელი და დასაშვები იყო. თუკი მომავალში მომეცემა საშუალება, ჩემს მოვალეობად ჩავთვლი, ყოველთვის დავიცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები"- წერდა ზურაბ ჩხოტუა. გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1975 ლის 20 იანვარს. წესი ნიუ-იორკში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში აუგეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ნიკოლოზ ჩხოტუამ შვეიცარიაში გადაასვენა და ლოზანაში, პრილში დაკრძალა. ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილიშვილი, გიორგი (ჟორჟი), ნიკოლოზ, ლეონიდე და ევგენი ჩხოტუების ძმა. აფხაზური ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.259-272


გააზიარე: