| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩხოტუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი. დავით ზურაბის ძე ჩხოტუა ცნობილი გენერლის ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუასა და მართა დავითის ასულ მხეიძის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1869-1875 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განყოფილებაზე, შემდეგ ორი წელი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის განყოფილებაზე, იმავე პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. დავით ჩხოტუა XIX საუკუნის აფხაზური კულტურის უბრწყინვალესი წარმომადგენელი იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთში. გიორგი შერვაშიძის ოჯახში გაეცნო დავით ჩხოტუა "ვეფხისტყაოსანს", რომელიც შემდგომ მისი სამეცნიერო შესწავლის საგანი გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის დაარსებული ჟურნალის "ივერიის" მუშაობაში. მისი პუბლიცისტური შემოქმედებიდან აღსანიშნავია "ორი აფხაზური წეს-ჩვეულება". პუბლიცისტიკის პარალელურად დავით ჩხოტუა ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას ეწეოდა. ჰქონდა ნაშრომები საბუნებისმეტყველო საკითხებზე, მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა "რუსთაველის პოემის გმირები, მათი მსოფლმხედველობა" იყო. 1875 წელს გიორგი შერვაშიძემ დავით ჩხოტუა აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მამულების მმართველად მიიწვია. 1876 წლის 22 ივლისს, სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო დავით ჩხოტუას ოცწლიანი კატორღა მიუსაჯეს. იგი გადასახლებაშიც აგრძელებდა ინტელექტუალურ მუშაობას, სწავლობდა უცხო ენებს და მუშაობდა "ვეფხისტყაოსანზე". დავით ჩხოტუას მიმოწერა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვასილ პეტრიაშვილთან, რომელიც მას წლების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა. გადასახლებიდან დაბრუნდა 1906 წელს, სოფელ საბერიოში დააარსა სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობა, კუთვნილი მიწები გლეხებს დაურიგა. იგი სამეგრელოში ჩაის კულტურის გავრცელების ინიციატორიც იყო - მისგან სწავლობდნენ ჩაის დამუშავების ტექნოლოგიას. დავით ჩხოტუა გამუდმებით ეძებდა და სწავლობდა მშობლიური მხარის სასარგებლო წიაღისეულს. იგი შალვა დადიანის რომანის "გვირგვლიანების ოჯახის" ერთ-ერთი მოქმედი პირის, ვამეხის პროტოტიპია. 1920 წელს დავით ჩხოტუამ თავისი 800 გვერდიანი ხელნაწერი, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" გმირებს ეხებოდა, თბილისში მსახიობთა კავშირს გაუგზავნა, გადაწყდა ამ ხელნაწერის გამოქვეყნება, მაგრამ ხელნაწერი საეჭვო ვითარებაში დაიკარგა. გადარჩა ნაშრომის მხოლოდ 2 თავი, რომელიც მისი ძმიშვილის, რაფიელ ნიკოლოზის ძე ჩხოტუას სახლში ინახებოდა. ამ ფრაგმენტების პირველი პუბლიკაცია სიმონ ჯანაშიას ეკუთვნის. დავით ჩხოტუა 1929 წელს სოფელ ყულიშკარში გარდაიცვალა. დაკრძალეს გალის რაიონის ტერიტორიაზე. ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილი, ზურაბ სიმონის ძე ჩხოტუას ბიძა. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.,თბილისი, 2020. გვ.273-276; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.-თბ.,1987.- გვ.172
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

