The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ ჩხოტუა

რაფიელ ჩხოტუა
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: საბერიო (სამურზაყანო), გალის რაიონი.

1899 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, 1905 წელს პეტროგრადში ოფიცერთა კავალერიის სკოლაში, ამ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში ჩაირიცხა.

მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომში. 1916-1917 წლებში მსახურობდა ჩრდილოეთ სპარსეთში გენერალ ბარათოვის საექსპედიციო კორპუსში. 1917 წლის მაისში ფრონტზე მიღებული ჭრილობების გამო პოდპოლკოვნიკის წოდება მიენჭა. 1918 წლის 27 ივლისს უკვე პოლკოვნიკი რაფიელ ჩხოტუა საქართველოს დემოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილებით დაინიშნა აფხაზეთის საქმეთა მინისტრად. იგი ამ ფუნქციას 1918 წლის ოქტომბრიდან ასრულებდა. სამწუხაროდ, სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების თვალში რაფიელ ჩხოტუას ავტორიტეტი, მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური  მიზეზების გამო საგრძნობლად შეირყა. იგი აფხაზეთში "პროალექსეევური გადატრიალების" მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. 1918 წლის 5 დეკემბერს გაათავისუფლეს. 1919 წლის მარტში ხელახლა აირჩიეს აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრად სახალხო სოციალისტების სახელით, მან სოხუმში 6-7 თვე დაჰყო და ისევ თბილისში დაბრუნდა. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ 1922 წელს მან ბოლშევიკებისაგან საქართველოში უსაფრთხო დაბრუნების რწმუნება მიიღო, კონსტანტინოპოლში არსებულ საბჭოთა წარმომადგენლობაში ვიზა გააფორმა და დაბრუნდა. იმავე წელს ჩაირიცხა ჩინოსან სამხედროთა რეზერვში და დაინიშნა კავალერიის ინსპექტორად, როგორც პირველი მსოფლიო ომის მე-6 კატეგორიის ინვალიდი, ასევე ჩარიცხული იყო თბილისის სამხედრო აღრიცხვის პუნქტის სამხედრო ჩინოსანთა რეზერვში. რაფიელ ჩხოტუამ 1925 წელს თბილისის მეაბრეშუმეობის სადგურის კურსები დაამთავრა და აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში მეაბრეშუმეობის ინსტრუქტორად დაინიშნა. 1927 წელს "საქაბრეშუმში" გადაიყვანეს, სადაც 1930 წლის 20 აპრილამდე იმუშავა, შემდეგ კი უფროს ინსტრუქტორად დანიშნეს აჭარის "კოლმეურნეობათა კავშირში". ამ თანამდებობაზე 1930 წლის 3 მაისამდე (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ადგილობრივი განყოფილების მიერ მის სრულ დაპატიმრებამდე) იმუშავა. დაპატიმრების მიზეზი სრულიად აბსურდული ხასიათის ბრალდება იყო - "ჯაშუშური საქმიანობა". ამტკიცებდნენ, რომ 1921 წელს კონსტანტინოპოლში ყოფნისას, მან ურთიერთობა დაამყარა ინგლისური დაზვერვის წარმომადგენლებთან და კავკასიაში მათი დავალებით დაბრუნდა. თავად რაფიელი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა. "კონტრრევოლუციური საქმიანობისა და შპიონაჟისათვის" დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით, გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის 1930 წლის 23 სექტემბრის დადგენილებით, დახვრეტა 10 წლით საკონცენტრაციო (სოლოვეცკის) ბანაკში თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს, შემდეგ კი გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის 1931 წლის 18 თებერვლის დადგენილებით, სასჯელი 5 წლამდე პატიმრობით შეეცვალა. 1935 წელს, განთავისუფლების შემდეგ რაფიელ ჩხოტუა ზუგდიდში, ტრესტ "საქჩაიში" მუშაობდა, ასევე იყო ტორფისა და მინერალური სასუქების ქარხნის დირექტორი. 1937 წელს რაფიელ ჩხოტუა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა. მიესაჯა დახვრეტა და ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულ იქნა 1955 წელს. აფხაზური არისტოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. გიორგი ჩხოტუას მამა, ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილიშვილი და ზურაბ სიმონის (მიხეილი) ძე ჩხოტუას ბიძაშვილი.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ., 2020.-გვ.278-287

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებით და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა გიორგის იარაღი

გააზიარე: