The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ემუხვარი

ვლადიმერ ემუხვარი
სხვა სახელი:კუჭიკო ემუხვარი
კუჭუჭი ემუხვარი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1938  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი, გალის რაიონი.

დაიბადა აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარისა და მარიამ ჩიკვაიძის ოჯახში. 1913 წლამდე, აფხაზური ადათ-წესის თანახმად, იზრდებოდა გამზრდელის-კვარაცხელიას ოჯახში. 1916 წლის ბოლოს მუშაობა დაიწყო აფხაზეთში თამბაქოს პლანტაციების მფლობელ კოტე შერვაშიძესთან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მამა არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი ჯერ სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი აფხაზეთის სახელმწიფო კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარე. 1921 წელს იგი საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში გაჰყვა. შვილი, 12 წლის ვლადიმერ ემუხვარი, რომელიც სოხუმის რეალური სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე იყო, დედასთან მარიამ ჩიკვაიძესთან და ძმასთან, გივი ემუხვართან ერთად საქართველოში დარჩა, ცხოვრობდა ქუთაისში დედის მშობლების ოჯახში. 1923 წელს საკონკურსო გამოცდები წარმატებით ჩააბარა მეორე შრომის სკოლაში, როგორც წარჩინებული მოსწავლე სწავლის ქირისაგან გაათავისუფლეს. მონაწილეობდა სასწავლებლის თვითმმართველობაში, იყო მისი წევრი, ასევე ამზადებდა მოსწავლეებს. ვლადიმერ ემუხვარი არ ყოფილა არც ერთი ანტიბოლშევიკურ პარტიის წევრი, იგი არასოდეს არ დაუკითხავს ქუთაისის "ჩეკას". 1925-1926 წლებში ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1928 წელს, უმცროსი ძმის, გივი ემუხვარის მძიმე ავადმყოფობის გამო, იძულებული იყო აეღო აკადემიური შვებულება და ემუშავა. ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარმა 1929 წლის სექტემბრიდან განაახლა უმაღლესში სწავლა. 1930 წლის იანვრიდან  პრაქტიკაზე გააგზავნეს ამიერკავკასიის სტატისტიკურ სამმართველოში, სადაც სამუშაოდაც დატოვეს, ხოლო შემდეგ კი გადაიყვანეს ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში. 1930 წელს დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი და საცხოვრებლად ქუთაისში დაბრუნდა. 1931 წელს აგვისტო-სექტემბერში ქუთაისში ჩატარდა ქალაქის საბჭოს აპარატის "წმენდა". მიუხედავად იმისა, რომ იგი ემიგრანტის შვილი იყო, როგორც წარჩინებული თანამშრომელი და ქალაქის საბჭოს კედლის გაზეთის რედკოლეგიის თავჯდომარე (კედლის გაზეთმა, მაღალი პოლიტიკური და მხატვრული დონის გამო რესპუბლიკაურ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა) ჩვეულებრივად აგრძელებდა სახელმწიფო სამსახურს. თავის ავტობიოგრაფიაში ვლადიმერ ემუხვარი წერდა: "1932 წლის აგვისტოში მე ჯარში უნდა გავეწვიეთ, ამავე დროს ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო სარაიონოთაშორისო კონფერენცია მეორე ხუთწლიანი გეგმაზე. ვინაიდან ქუთაისის რაიონის მეორე ხუთწლიან გეგმაზე ძირითადი თანამომხსენებელი მე უნდა ვყოფილიყავი, ამიტომაც ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე, ამხ. სირაძე შეუთანხმდა სამხედრო კომისარს, რომ მე მეორე ნაკადში გავეწვიეთ კონფერენციის შემდეგ. როგორღაც ამ საკითხის გაფორმებას დააგვიანდა და მე პირველ ნაკადში გავედი საბანაკო შეკრებაზე საღორიის ტყეში. მეხუთე დღეს, საღამოს, გამომიძახეს შტაბში და მითხრეს, რომ მე მიბარებენ ქალაქის საბჭოში. მეორე დღეს გამოვცხადდი ამხ. სირაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ 18 აგვისტოს ჩამოდის საქართველოს საგეგმო კომისიისა და ადგილობრივი მრეწველობის კომისარიატის ბრიგადა და დაუყოვნებლივ დაასრულე მეორე ხუთწლიანი გეგმის შეჯამება და ცალკე საკითხებზე შეარჩიე მომხსენებლებიო. ჯარს რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და მეორე ნაკადში გახვალო. ჯარში კი, ჩვენს კომისარს, მ. ჭყონიას, ჩემი არ დაბრუნება გამოუცხადებია, როგორც დეზერტირობა, საქმე გადაუცია სამხედრო ტრიბუნალისათვის და პოლიტსამმართველოსათვის". სხადასხვა დროს ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარი მუშაობადა ქუთაისის საგეგმო კომისიის თავჯდომარის მოადგილედ, ქუთაისის ბანკის მთავარ ეკონომისტად, კითხულობდა ლექციებს საბუღალტრო კურსებზე, იყო ქალაქის პასუხისმგებელი მუშაკი. საგეგმო კომისიაში მუშაობის პერიოდში, გარდა წლიური საკონტროლო ციფრების დამუშავების და გეგმის შესრულების შემოწმების სანიმუშო ორგანიზებისა, მონაწილეობდა ლიტაპონის ქარხნის, საკონსერვო ქარხნის, ხორცკომბინატის ეკონომიკური მაჩვენებლების დასაბუთებაში. მან უშუალოდ დაწერა ქუთაისის თეატრის, "ქუთსოფლმრეწვის", ე-კლასის სამრეწველო ექსპლოატაციის და ქუთაისის მეოთხე ხიდის ეკონომიკური მახასიათებლები და ქუთაისის მცირე ხუთწლიანი გეგმის განმარტებითი ბარათი, ასევე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს საგეგმო კომისიის დელეგაციამ პრეზიდიუმის ღია სხდომაზე რესპუბლიკურ შეჯიბრში გაიმარჯვა. 1935 წლის 15 ოქტომბრიდან მუშაობდა "სახბანკის" ქუთაისის განყოფილებაში. 1936 წელს სამსახურებრივ და საზოგადოებრივ მუშაობაში წარმატების გამო მიიღო ფულადი ჯილდო. 1937 წელს ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარი დააპატიმრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის შვილი იყო. შინსახკომის "სამეულის" გადაწყვეტილებით, მას სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 7 მარტს. რეაბილიტირებულ იქნა 1955 წელს.  

წყარო: ქედუხრელი რაინდი / ნატო მარშანია.- თბ.,2012.-გვ.220-229


გააზიარე: