The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ მეგრელიძე

სხვა სახელი:დანიელ მეგრელიძე
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1908  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლი 1891 წელს, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, საიდანაც 1893 წელს, მოწაფეთა ამბოხების გამო, სხვებთან ერთად გარიცხეს სხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლების გარეშე.

1893-1895 წლებში სოფელში ცხოვრობდა და ეწეოდა თვითგანათლებას. 1895-1899 წლებში თბილისის მუშათა წრეებში, როგორც პროპაგანდისტი და აგიტატორი რევოლუციური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო. 1899 წლიდან თითქმის მთელი გურიის სოფლები შემოიარა ფეხით, ჩამოაყალიბა გლეხთა ორგანიზაციები, გურიაში პირველმა ჩაუყარა საფუძველი გლეხთა მოძრაობას და სხვებთან ერთად, გლეხური მოძრაობა აიღეს ხელში. მუშაობდა ბათუმშიც,  იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კომიტეტის წევრი, გურიის კომიტეტის ცალკე დაარსებამდე გურიის მოძრაობას ხელმძღვანელობდა: იყო გურიის რევოლუციური ახალგაზრდობის წრის ხელმძღვანელი, პროპაგანდისტ-აგიტატორთა მოსამზადებელი კოლექტივის წევრი, ბათუმში სოფლად მომუშავეთა პირველი ყრილობის მოწვეული დელეგატი, პარტიული განხეთქილების დროს კრებათა ხელმძღვანელ-თავმჯდომარე, პროკლამაციების დამწერ-გამავრცელებელი, მიტინგების მუდმივი ორატორი, რომლის ყოველი გამოსვლა საუცხოო შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელეზე და სხვ. ჯერ კიდევ 1901 წელს, თბილისში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაკების შეპყრობის შემდეგ, სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის წრის შექმნასა და რევოლუციურ მუშაობაში. 1905 წელს, მოძრაობის მიზეზთა გამოსარკვევად მეფისნაცვლის მოადგილის, კრიმ-გირეის გურიაში მოგზაურობის დროს, იასონ მეგრელიძე ბარბალე კალანდაძესა და ლოლა ბიბინეიშვილის თანხლებით, კრიმ-გირეის წინასწარ შემუშავებული მოთხოვნები წარუდგინა და სხვ. რევოლუციურ-პრაქტიკულ მუშაობასთანე რთად, თანამშრომლობდა ჟურნალ "კვალში" შოველის ფსევდონიმით, მუშათა ცხოვრებიდან დაწერა "ძაფით დაბმული ცხრათავიანი მდევი", რუსულიდან თარგმნა "ობუხოვის თავდაცვა" და სხვ. 1904 წელს ორენბურგის გუბერნიაში გადაასახლეს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, 1908 წელს თბილისში შეიპყრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ყველასგან მივიწყებული, სახადით გარდაიცვალა იმავე წელს. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი და მწერალი, გურიის გლეხთა რევოლუციური მოძრაობის მესაძირკვლე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.189-190


გააზიარე: