| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, როგორც სცენისმოყვარე მონაწილეობდა ქართულ წარმოდგენებში, 1875 წლის 27 ნოემბერს შეასრულა სამსონას როლი ქართულად პირველად წარმოდგენილ სპექტაკლში "პეპო". იოსებ (სოსიკო) მელიქიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის დამკვიდრებასა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი, როგორც გამომცემლის გვარი, ხშირად იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემული წიგნების სატიტულო გვერდებზე და იმდროინდელ ქართულ პრესაში. ეს საქმე მან თავისი ძმისგან, სტეფანესგან გადაიბარა. 1873 წლის გაზეთ "გუთნისდედაში" გამოქვეყნებული ბიბლიოგრაფიული ცნობით, იოსებ მელიქიშვილს ექვთიმე ხელაძესთან ერთად გამოუცია რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი "გლეხური სიმღერები", ბარბარე ჯორჯაძის "ქართული სამზარეულო" და "საოჯახო-სამეურნეო საცადნი ცნობანი". ამ პერიოდიდან მოყოლებული, იოსების საგამომცემლო საქმიანობა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. იბეჭდებოდა იმ დროისათვის საქართველოში ცნობილი მწერლებისა და დიდი მოღვაწეების ნაწარმოებები. 1875 წელს იოსებ მელიქიშვილის თაოსნობით გამოვიდა გრიგოლ რჩეულიშვილის რომანი "თამარ ბატონიშვილი". იმავე 1875 წელს, სერგი მესხთან ერთად გამოსცა სახალხო ლექსი "არსენა", რომლის ავტორებად მოხსენებული იყვნენ არსენ კალანდაძე და იაგორ ნერსესოვი. ამის შესახებ გაზეთ "დროებაში" პეტრე უმიკაშვილის საპროტესტო წერილი დაიბეჭდა, რომლითაც იგი გამომცემელ იოსებ მელიქიშვილს საქმის ამხანაგურ სამართალში გარჩევას სთავაზობდა, "რადგან თქვენ იგი ჩემგან გადაგიბეჭდიათ და უნებართვოდ წაგიღიათო". 1876 წელს სტეფანე მელიქიშვილისა და ამხანაგობის სტამბაში დაიბეჭდა ქუთაისის მიხეილისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წესდება, რომლის გამოცემაც იოსებ მელიქიშვილმა უზრუნველყო. 1878 წელს იოსების გამომცემლობამ გრიგოლ ჩარკვიანთან ერთად გამოსცა ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი". 1884-1886 წლებში აქტიურად გაიშალა იოსებ მელიქიშვილის საგამომცემლო საქმიანობა. მან გამოსცა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები: აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავი", "თამარ ცბიერი", "გადია" და "საყმაწვილო ამბები", აქვსენტი ცაგარელის "სამი კომედია", გიორგი წერეთელის პიესა "ლომ-კაცი", იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარი", ნიკო ლომოურის "ქაჯანა", დიმიტრი ჯანაშვილის "საღმრთო ისტორია" და სხვ. იოსებ მელიქიშვილი, თავისი და-ძმების მსგავსად, დახმარების ხელს უწვდიდა და ფინანსურადაც ეხმარებოდა გაზეთ "დროებას". "დროებისა" და "ივერიის" პირველი დამფუძნებელი კრებები სწორედ მელიქიშვილების სახლში ჩატარდა. მიუხედავად მუქარისა და რეპრესიებისა, აკრძალული ლიტერატურა სხვადასხვა გზით მაინც ითარგმნებოდა, იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა. იოსებ მელიქიშვილი იყო არა მარტო წიგნებისა და ჟურნალების გამომცემელი, არამედ პუბლიცისტი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი. მას ახლო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ალექსანდრე ყაზბეგთან. ცნობილია იოსების სიყვარული თეატრისადმი. მესტამბე-გამომცემელი და სცენისმოყვარე. გრიგოლ (გრიგორ) მელიქიშვილის შვილი; სტეფანე, პეტრე და ეკატერინე (კეკე, სერგი მესხის მეუღლე) მელიქიშვილების ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.202; მელიქიშვილები : გრიგოლი, სტეფანე, პეტრე, იოსები, ეკატერინე / სურმანიძე, რამაზ.-თბ.,2003.-გვ.133
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

