The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა მესხი

სხვა სახელი:ნანიკო მესხი
ანა მესხი-პეტრიაშვილი
ანა პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1919  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ქუთაისი
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაიბადა სიმონ (სისო) მესხისა და მაგდანა (მაგდალენა) მარჯანიშვილის (კოტე მარჯანიშვილის მამიდა) მრავალშვილიან ოჯახში. აღიზარდა უფროს დასთან, პელაგია მესხთან. ანა მესხი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კარგად მცოდნე, ასევე ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსნი". მონაწილეობდა გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემულ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენ კომისიაში, სადაც ტექსტის დასადგენად რამდენიმე შენიშვნაც შეიტანა. ანა მესხი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში 1870 წლიდან ირიცხებოდა. ქუთაისში, აკაკი წერეთელის ინიციატივით ჩამოყალიბებულ სცენისმოყვარეთა დასში, ანა მესხი ელენე ლორთქიფანიძესთან, ეფროსინე კლდიაშვილთან და მარიამ ხელთუფლიშვილთან ერთად გამოდიოდა. ამ დასში დაიდგა სპექტაკლები: "ყვარყვარე ათაბაგი", "მზის დაბნელება", "ფიგაროს ქორწინება", "სკაპენის ოინები", "დავა", "ქოროღლი", "ქმარი ხუთი ცოლისა" და სხვ. 1878 წელს ანა თავის ძმასთან, კოტე მესხთან და ეფროსინე (ეფრო) კლდიაშვილთან ერთად გამოდიოდა ალექსანდრე ოსტროვსკის ხუთმოქმედებიან კომედიაში "შემოსავლიანი ადგილი". 1880 წელს ანა მესხი ქუთაისის მსახიობთა ჯგუფში ჩაირიცხა და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობდა: "აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა", "მზის დაბნელება", "სიყვარული მკურნალობს", "ყვავი ფარშევანგის ფრთებით" და სხვ. ამავე წელს მონაწილეობდა ქუთაისის თეატრის მოყვარულთა მიერ დადგმულ გიორგი წერეთლის დრამაში "ოჯახის ასული" და ივანე მესხის ვოდევილში "ჰერკულესი". ანა მესხმა 1882 წლიდან მიატოვა სცენა და მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა, მაგრამ თეატრს მთლიანად არ ჩამოშორებია. ამაზე მეტყველებს გაზეთ "ივერიის" ერთი ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ ანა მესხმა თარგმნა ვასილ ველიჩკოს თხზულება "პირველი ბუზი", რომელიც შემდეგ ორმოქმედებიან კომედიად გადააკეთა ვალერიან გუნიამ და სახელად უწოდა "გამარჯვებულებს არ სჯიან". ეს კომედია თეატრში 1898 წლის 6 დეკემბერს დაიდგა და მასში მონაწილეობდნენ: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე და სხვ. 1883 წელს ქუთაისელ ქალთა  ჟურნალის "ქართული ბიბლიოთეკის" სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო, მუშაობის დროს თარგმნა ეტტიპ ირსის რომანი "არა, არ არის დანაშაული" ("ქართული ბიბლიოთეკა", 1883, №4, 5, 7-8). ანა მესხი თანამშრომლობდა გაზეთ "დროებაში". მან შეკრიბა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: ლექსები, თქმულებები და იგავ-არაკები. იგი თავის ძმას, სერგეი მესხს ქუთაისიდან მუდმივად აწვდიდა "დროებაში" გამოსაქვეყნებელ მასალებს. გამოსაცემი დარჩა მრავალი თარგმანი.  ქართული დრამატული მუდმივი დასის ქუთაისში პირველად ჩასვლის დროს, 1879 წელს ქუთაისელმა ქალებმა ანა მესხის თაოსნობით, ქართველ მსახიობებს საგანგებო ტანისამოსი შეუკერეს (ლურჯი ხალათები მეზღვაურის ფართო საყელოებით, ახალციხური ექვს-ექვსი ვერცხლისბუშტიანი ღილებით), რომლითაც ქართული დასი გამოირჩეოდა. ამ ჩაცმულობით დასმა მთელი დასავლეთ საქართველო შემოიარა. ქუთაისის თეატრის ერთი დამაარსებელთაგანი 1875-1880 წლებში. ცნობილი ქუთაისელი პედაგოგის ვასილ პეტრიაშვილის მეუღლე და  საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ელენე პეტრიაშვილის დედა. სიმონ (სისო) მესხის ქალიშვილი, დავით, კოტე, ეფემია, ივანე, სერგი მესხების და.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.224-225; ივანე მესხი: ქალაქის მდივანი / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2013.-გვ.40-43; მოგონებანი / დავით მესხი. - თბ.,1940.-118გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რთველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: