| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მეუნარგია![]()
ბიოგრაფიამიხეილ მეუნარგია დაიბადა ცნობილი ხატმწერის და ოქრომჭედლის, აზნაურ პეპუ მეუნარგიას ოჯახში. სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელ საღმრთო ისტორიას, გალობას. საეკლესიო ტიბიკონი საირმის მონასტერში შეისწავლა, როგორც თავადვე აღნიშნავს ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში: "უდაბნოში ვიყავ ორ წელს მოსწავლეთ"-ო. 1846 წელს მიხეილ მეუნარგია სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1850 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1851 წელს ზუგდიდის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1855 წლიდან სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) ამავე ოლქის მთავრხუცესად დაადგინა. ეპისკოპოს თეოფანეს მმართველობის დროს გადაწყდა ცაიშის მონასტერში დაცული ისტორიული სიგელები და წიგნები გადაეტანათ მარტვილის საკათედრო ტაძარში და ეს საქმე მამა მიხეილს დაევალა. მიხეილ მეუნარგიამ ეს დოკუმენტები გადაწერა, შემდგომში ამ დოკუმენტების ნაწილი დაიკარგა. იგი ამ სიგელ-გუჯარების წინასიტყვაობაში წერდა: "განკარგულებითა ყ(ოვლა)დ სამღვდელოს, მენგრელიის ეპისკოპოსის თეოფანესითა ყოველნი ქონებულნი ცაიშის სობოროსადმი გუჯარნი და სიგელნი შეწირულობათანი ერთბამად წაღებულ იქმნენ მარტვილის საკათედროსა სობოროსა შინა და კეთილსაიმედოდ იყვებიან ისინი მუნ, ხაზინასა შინა. რომელთა გადმოწერა და ერთ წიგნად შედგენა საჭიროდ შევრაცხე, რათამცა პირი ესე იცვებოდეს ცაიშის სობოროში და დროსა საჭიროებისა ხელმძღვანელ გვექმნეს ადგილობრივთა მზრუნველთა". 1859 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და ამავე წელს წინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1861 წლის 15 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1866 წელს კამილავკა ეწყალობა. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) დავალებით მღვდელ მიხეილ მეუნარგიას ოთხი სამთავარხუცესო ოლქის აღწერა დაევალა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. 1880 წელს მიხეილ მეუნარგიას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1881 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე ძმობის კომიტეტის წევრი იყო. 1885 წელს ნიკო დავითის ძე დადიანმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომლის ჩასაბარებლად სოფელ გორდში ილია ჭავჭავაძე ჩავიდა, სადაც ხელნაწერები ჩაიბარა. სამეგრელოში ილია ჭავჭავაძე მთელი თვე დარჩა, ეცნობოდა იქაურ ხელნაწერებს, ეკლესიებს და იქ დაცულ სიწმინდეებს. ილია ჭავჭავაძეს თან ახლდა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას ვაჟი იონა მეუნარგია, რომელმაც ქართველი მგოსანი სოფელ ცაიშშიც მიიწვია. საპატიო სტუმრების მისაღებად მამა მიხეილმა თადარიგი დაიჭირა და ღირსეული მასპინძლობაც გაუწია. ილიამ მოილოცა ცაიშის უძველესი ტაძარი და აღფრთოვანებული დარჩენილა ტაძრის მდგომარეობითა და მასში დასვენებული ძველი ნივთებითა და ხატებით. მეორე დილას ეზოში გაშლილ ტრაპეზზე ილიას უთქვამს: "სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახე"-ო. ამ სტუმრობის შემდეგ დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას ოჯახში მუდამ ეკიდა ილია ჭავჭავაძის სურათი. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მან ზუგდიდის მაზრის სასოფლო და საეკლესიო სკოლებისათვის, მასწავლებელთა თხოვნით, დააარსა სახელმძღვანელო წიგნების საწყობი, საიდანაც წიგნების გაცემა ხდებოდა პირვანდელი ღირებულებით. ასევე მისი დიდი ღვაწლისა და ძალისხმევის შედეგად ცაიშში დაფუძნდა ახალი სკოლა. სკოლის დაარსების დღეს, დიდძალ სტუმრებთან ერთად, მოწვეულთა შორის იყვნენ პრინცი აშილ მიურატი და მისი მეუღლე პრინცესა სალომე დავითის ასული დადიანი. 1892 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის ენქერის ტარების უფლება მიენიჭა. 1893 წელს ცაიშის საკათედრო ტაძარზე ათასი მანეთის შეწირვისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1894 წლიდან, ქუთაისის სასულიერო სემინარიის ამოქმედების დღიდან, დეკანოზი მიხეილ მეუნარგია სემინარიას ყოველწლიურად ეხმარებოდა ფინანსურად და მატერიალურად, მრავალ საქმეში თანადგომას უწევდა. 1896 წელს დეკანოზ მიხეილს წმინდა სინოდის სიგელი გადაეცა, ხოლო 1897 წელს განსვენებულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსენებასთან დაკავშირებით ვერცხლის მედალი უბოძეს. მიხეილ მეუნარგია წლების განმავლობაში, ასრულებდა ცაიშის წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლის მმართველის მოვალეობას. 1902 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებამ მისი 50 წლის იუბილე აღნიშნა, ამ დღეს ცაიშში შეიკრიბა ოლქის სამღვდელოება და ინტელიგენცია. საღვთო ლიტურგია აღასრულა ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე), მღვდლების - ოქროპირ ქირიას, ზოსიმე მაქაცარიასა და დიანოს კვარაცხელიას თანამწირველობით. წირვაზე გალობდნენ სამრევლო სკოლის მოსწავლეები სოლომონ გვასალიას ლოტბარობით. იქადაგა არქიმანდრიტმა სვიმონმა, რომელმაც ასე დაახასიათა მიხეილ მეუნარგია: "როცა სამეგრელოს სამღვდელოება შეიკრიბებოდა სადმე და სჯა ჰქონდა საზოგადო საქმეზე, ყოველ კაცს ყური შენკენ ჰქონდა - რას იტყვის დეკანოზიო და შენს სიტყვას ისმენდა და იჯერებდა კრება"-ო. ლიტურგიის დასასრულს, სამღვდელოებამ მამა მიხეილს სამახსოვროდ მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა. მამა მიხეილის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მღვდელმთავარი, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). როდესაც რუსეთის ხელისუფლების წაქეზებით ზოგიერთმა სასულიერო და საერო პირმა მოინდომა სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე შემოღება, ამ საქმეში სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად მათ წინ აღუდგა მიხეილ მეუნარგიაც, რომელმაც საჯაროდ დაგმო და გაკიცხა ამ საქმის მოთავენი. გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1904 წლის 28 მარტს. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ცაიშის საკათედრო ტაძარში, სადაც მან 54 წელი ღირსეულად იღვაწა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი "ივერია" წერდა: "გასულ მარტში ქართველთა ეკლესიას შესანიშნავი დეკანოზი დააკლდა. სოფელ ცაიშში, სამეგრელოში, გარდაიცვალა დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, მამა ჩვენის მწერალის იონა მეუნარგიასი. ვამბობთ შესანიშნავი, იმიტომ, რომ იშვიათია ეხლა საქართველოში მისთანა ენამეტყველი, კილოიანი და სასოებიანი მკითხველი სახარებისა, ანდერძისა და საზოგადოდ ყოველ საღვთო წიგნებისა, როგორიც იყო მამა მიხეილი. დღეს ჩვენ გაზეთში სამგლოვიარო განცხადებაა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას გარდაცვალების შესახებ და ამ გარემოებამ გაგვახსენა აღგვენიშნა ამ მოძღვრის კეთილი სამსახური ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ". ცნობილი ხატმწერისა და ოქრომჭედლის პეპუ მეუნარგიას შვილი, იონა მეუნარგიას მამა. წყარო: ივერია : საპოლიტიკო და სალიტერატურო ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1904. 13 აპრ., N88, გვ.2., დეკანოზი მიხეილ მეუნარგია : (28 მარტს 1904 წელსა) (ნეკროლოგი) / X. (dspace.nplg.gov.ge გვ.2); საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2011. 13-19 ოქტომბერი, N30(602), გვ.17-20 /დეკანოზი მიხეილ მეუნარგია : 1826-1904; შექმენი შენი ისტორია: mematiane.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

