| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მდივანი![]()
ბიოგრაფიაგენერალ-მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედ სობოლევსკას შვილი, სერგის (სერჟ), დავითის, ალექსის და რუსუდან (რუსი) მდივნების და. 1925 წელს 25 წლის ნინო მდივანი სტენფორდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორს, 48 წლის იურისტ ჩარლზ ჰუბერიხს გაჰყვა ცოლად. განათლებული და ევროპული ენების მცოდნე ქალი შესანიშნავად გრძნობდა თავს იურისტებისა და ინტელექტუალების წრეში ამერიკაშიც და ევროპაშიც, სადაც ჰუბერიხებს ხშირად უწევდათ ჩასვლა. 1936 წელს ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინომ ცნობილი მწერლის არტურ კონან დოილის უფროსი ვაჟი, იურისტი და ავიატორი დენის კონან-დოილი გაიცნო, გაეყარა ჩარლზ ჰუბერიხს და ცოლად გაჰყვა დენისს. დენისი საფრენოსნო სპორტითა და ავიამოდელების შექმნით იყო გატაცებული, მისი ოჯახის წევრებსაც დიდად არ ეცალათ მამის მემკვიდრეობისათვის, ამიტომ არტურ კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ მის ცოლს - ჯენის გადაეცა ქმრის მემკვიდრეობა, შემდგომ კი დენისმა მამის ნაწარმოებების გამოცემის ექსკლუზიური უფლება ნინოს გადასცა. როგორც აღნიშნავდნენ, ყველაზე დიდი ტირაჟით არტურ კონან-დოილის თხზულებები სწორედ მისი საგამომცემლო საქმიანობის დროს იყიდებოდა. ნინო ელიტარული საზოგადოების წევრად იქცა. მისი სამკაულები - კარტიეს შექმნილი ხელჩანთა, კლიპსები და პალმის ფორმის ბრილიანტებიანი გულსაბნევი კლივ კანდელის ძვირფასი ქვების კოლექციაშია დაცული, ვერცხლისფერი კაბრიოლეტი კი აშშ-ს ნევადის შტატის ქალაქ რენოს ნაციონალური ავტომუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია. 1955 წელს დენისის დაღუპვის შემდეგ, ნინომ მემკვიდრეობით მიიღო არტურ კონან დოილის თხზულებების გამოცემის საავტორო უფლება, მულთან და რძალთან ანა ანდერსონთან ერთად. მემკვიდრეობით მიღებული თანხით იყიდა მიწა და დააარსა ფონდი "ბასკერვილ ინვესტფონდი", რომელიც სალიტერატურო და საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო ფონდი ბანკმა გაყიდა. მწერლის მემკვიდრეობაზე უფლებები ნინომ მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც მესამედ გათხოვდა კონან-დოილის წარმატებულ გამომცემელ ენტონი ჰარვუდზე. ნინოს გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1990 წელს, ლონდონში ბეიკერსტრიტის N221-ბ-ში გაიხსნა არტურ კონან-დოილის ლიტერატურული პერსონაჟის შერლოკ ჰოლმსისადმი მიძღვნილი მუზეუმი. მუზეუმში მწერალთან დაკავშირებულ სხვა რეალურ პირებს შორის ფიგურირებს ნინო მდივანი, როგორც მწერლის რძალი და მისი ნაწერების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამომცემელი და გამავრცელებელი. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-115-119
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

