| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მეძმარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერბაში (ყოფილი ქუთაისის მაზრა), სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის მიწათმოქმედების სასწავლებელი 1899 წელს; ბელგიის ქ. მონსის სამთომადნის ინსტიტუტი ინჟინრის ხარისხით 1909 წელს. 1900 წელს ქუთაისის სამიჯნაო სამმართველოში მიწისმზომლად სამსახურის დროს, "მესამე დასელთა" წრის პოლიტიკურ-რევოლუციურ დავალებებს ასრულებდა. 1901 წელს თბილისში საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობდა. 1902 წლიდან საზღვარგარეთ ემიგრანტ სტუდენტთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში მუშაობდა. 1904-1905 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომის დროს რევოლუციურ პროკლამაციებსა და არალეგალურ ლიტერატურას გზავნიდა რუსეთში. 1904 წელს ქ. მონსში თავისივე ინიციატივით დაარსებულ ინსტიტუტის სოციალ-დემოკრატ სტუდენთთა ავტონომისტთა (შემდეგში ალიონისტთა) ჯგუფში მონაწილეობდა. ამ ჯგუფმა ჟენევაში ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა მიერ მოწვეულ კონფერენციაზე საქართველოს პოლიტიკურ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნას რეზოლუციის გაგზავნით დაუჭირა მხარი. 1917–1918 წლებში ქუთაისის ერობის ხმოსნად ყოფნისას, ივანე მეძმარიაშვილი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა და მოხსენებებს კითხულობდა, ადგენდა პროექტებს ტყიბულის ქვანახშირის ნაციონალიზაციისა და მისი წარმოების ორგანიზაციის, ქუთაისის და რაჭის ყოფილ მაზრებში მინერალური წყლების მნიშვნელობისა და გამოყენების, ბორჯომის წყლების ექსპლუატაციის, ქუთაისის წყალსადენის ქუთაისიდან წყალტუბომდე ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანის, წყალტუბოს სამკურნალო წყლების ნაციონალიზაციისა და რეკონსტრუქციის შესახებ. პირველად მან დააყენა საკითხი ტყვარჩელისა და ტყიბულის ქვანახშირების ერთმანეთში შერევით დაკოქსების შესაძლებლობაზე, ასევე ფეროშენადნობის წარმოების პერსპექტივაზე აჯამეთ-ზესტაფონის რაიონში, რასაც შემდეგში საძირკველი ჩაეყარა ზესტაფონის ფერომარგანეცის ქარხნის სახით. 1919–1935 წლებში საქართველოს და ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სააღმშენებლო და კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა. ივანე მეძმარიაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1900-იან წლებში დაიწყო. სტატიებს აქვეყნებდა ჟურნალ "კვალში", საზღვარგარეთ სწავლის დროს ბელგიიდან კორესპონდენციებს გზავნიდა "მოგზაურში", "ტექნიკა და შრომაში", "საქართველოს ეკონომისტში" და სხვა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ხშირად ათავსებდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებში საქართველოს ელექტრიფიკაციის, ქვანახშირის, საირიგაციო და სამელიორაციო, ფერადი ლითონების და სხვა ბუნებრივ სიმდიდრეთა შესახებ. ასევე თანამშრომლობდა უცხოურ პერიოდულ გამოცემებთან. ივანე მეძმარიაშვილს მრავალი შრომა აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისმა ნაშრომებმა ხელი შეუწყო ჩვენი ქვანახშირის შესწავლისა და გამოყენების საქმეს, საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ინდუსტრიალიზაციის პირველი დღიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა ფეროშენადნობის წარმოების საკითხების დამუშავებაში. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.296-297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

