The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ქართველიშვილი

ვერა ქართველიშვილი
სხვა სახელი:ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე
დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1946  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

გიმნაზიის დამთავრებისთანავე თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მიერ დაარსებულ კუკიის საქველმოქმედო სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. 1886 წელს თბილისში ჩამოყალიბდა "მასწავლებელ ქალთა საზოგადოება", რომლის მიზანი იყო პედაგოგი ქალების მატერიალური და მორალური დახმარება, მათი უფლებების დაცვა. საზოგადოება საქმით გამოეხმაურა ამ მოვლენას და მისი თავმჯდომარის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის ბრძოლის შემდეგ თბილისში კერძო სანიმუშო სასწავლებლის გახსნის ნებართვა მიიღო. სასწავლებელი სამეურნეო ანგარიშზე იყო. შედგებოდა ქართული, რუსული და სომხური განყოფილებებისაგან. სასწავლებლის გამგედ მიწვეული იყო იმ დროს ცნობილი პედაგოგი მარიამ არღუთინსკი. ქართულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ვერა ქართველიშვილი. 1896 წელს ვერა ქართველიშვილი გათხოვდა ალექსანდრე მიქაბერიძეზე, რომელიც ცნობილი იყო თავისი პედაგოგიური, ლიტერატურული და საზოგადო მოღვაწეობით. ისინი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოები, განჯას აფარებდნენ თავს. ვერა აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ "ჯეჯილის" და სხვა ქართული პერიოდული გამოცემების გავრცელების საქმეში. 1900 წლიდან მიქაბერიძეების ოჯახი თბილისში დაბრუნდა. 1902 წელს ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, ეკატერინე მესხის, ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძის, ელენე ყაზბეგის, ნინო და მარიამ ბარათაშვილების და სხვათა ინიციატივით ყაზბეგის ქუჩაზე გაიხსნა ქალთა დაწყებითი სკოლა, ე. წ. "ყაზბეგის სკოლა", სადაც სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ სკოლის შესანარჩუნებლად ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე წლების განმავლობაში ებრძოდა თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს ფედოროვსკის, რომელიც მოითხოვდა შეეცვალათ სახელწოდება "ყაზბეგი" და სწავლების მეთოდიც საერთო სწავლების მეთოდისათვის დაემორჩილებინათ. ბოლოს, როცა ფედოროვსკი სკოლის დახურვით, ხოლო ვერა ქართველიშვილ-მიქაბერიძეს თბილისიდან გაძევებით დაემუქრა, სკოლა საზოგადოება "განათლებას" გადაეცა. საზოგადოება "განათლებას" არსებობის დღიდან შეუცვლელად თავმჯდომარეობდა ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა. გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე მესხი, ალექსანდრა ფაღავა, ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე, ანასტასია პავლიაშვილი, ელენე ბარათაშვილი, ნინო ერისთავი. დიდი ბრძოლის შემდეგ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელმა მიაღწია იმას, რომ "ყაზბეგის" დაწყებითი სკოლა გადააკეთა ქალთა საშუალო სკოლად, სადაც სწავლება კვლავ ქართულ ენაზე წარმოებდა. "რაც, კერძოდ, მე ვერ მოვახერხე და შევძელი, მისი ცხოვრებაში შედარებით უმტკივნეულოდ გატარება მოახერხა ანასტასია წერეთლისამ, რომელმაც ეს სკოლა შეუნარჩუნა საზოგადოებას 1917 წლამდე", - იგონებდა ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე კვლავ სკოლაში მოღვაწეობდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო მალე დაანება თავი. მისი საქმიანობა მარტო პედაგოგიური მოღვაწეობით არ იფარგლებოდა. იგი ყოველგვარ კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყების აქტიური მონაწილე იყო, მრავალი წლის განმავლობაში დიდი გულმოდგინებით ეწეოდა მუშაობას მეორე საკვირაო სკოლაში, სადაც წერა-კითხვას სწავლობდნენ მუშები, მათი ცოლ-შვილი და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა, როგორც ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე იხსენებდა, საკვირაო სკოლების პროგრამა მეტად შეზღუდული იყო, იგი ითვალისწინებდა წერა-კითხვის შესწავლას და ანგარიშს 100-ის ფარგლებში. ამის გამო პედაგოგები ყოველნაირად ცდილობდნენ წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების საშუალებით გაეთვითცნობიერებინათ მსმენელები. ეს არც თუ იოლი საქმე იყო, რადგანაც საკვირაო სკოლებს ხშირად "თავს ესხმოდა" კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი, სასწავლო ადმინისტრაციის დირექტორი ან ინსპექტორი. დიდი თანაგრძნობით გამოეხმაურა ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე ავჭალის აუდიტორიაში სახალხო წარმოდგენების და სახალხო კითხვის წამოწყების საქმეს. ავჭალის აუდიტორია დამსწრეებს ვეღარ იტევდა, ამ საქმეში ღვაწლი ვერა ქართველიშვილ-მიქაბერიძესაც მიუძღვის. 90-იან წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის თაოსნობით თბილისში დაარსდა ქართული იაფფასიანი სამკითხველო, რომლის პასუხისმგებელ ხელმძღვანელად დაინიშნა ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე. იგი წლების მანძილზე კარდაკარ დადიოდა და აგროვებდა ქართულ წიგნებს და ჟურნალ-გაზეთებს სამკითხველოს ფონდის გასამდიდრებლად. ამავე პერიოდში თბილისში ჩამოყალიბდა ქალთა წრე, რომლის მიზანი იყო იაფფასიანი საკითხავი წიგნების გამოცემა მუშებისა და მათი ბავშვებისათვის. 1890-1896 წლებში და შემდეგაც, 1917 წლამდე ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე ჟურნალ "ჯეჯილის" სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. ამავე ჟურნალში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები საბუნებისმეტყველო თემაზე. მან გიმნაზიაში მოაწყო ე. წ. სასწავლო ნივთების კოოპერატივი, მოწაფეების დახმარებით აგროვებდა ნახმარ სახელმძღვანელოებს და ურიგებდა ღარიბ მოწაფეებს იმ პირობით, რომ სასწავლო წლის ბოლოს წიგნები უკანვე დაებრუნებინათ, ასვე მოაწყო 16 საკლასო სამკითხველო. რეაქციის პერიოდში ვერა ქართველიშვილის და ალექსანდრე მიქაბერიძის ოჯახი ზოგიერთი რევოლუციონერის თავშესაფარიც იყო. ალექსანდრე მიქაბერიძის მეუღლე. სახალხო თეატრალური მოღვაწე.

წყარო: ვერა მიქაბერიძე : კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყების აქტიური მოღვაწე ვერა ქართველიშვილი-მიქაბერიძე / ნინო ნადირაძე // საქართველოს ქალი. -თბილისი, 1969. - N11. - გვ.15-16


გააზიარე: