The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ჩოლოყაშვილი

დიმიტრი ჩოლოყაშვილი
Date of birth:1868
Date of death:1938  (at 70 years)
Category:Nobleman, Public official, Manufacturer, Translator, Public Man, Agricultural Worker

Biography

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1886 წელს და მოსკოვის პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1893 წელს.

1892 წლის 14 აგვისტოს საერთაშორისო ზოოლოგიურ კონგრესზე მიწვეული უცხოელი სტუმრების წინაშე, აკადემიის სტუდენტების სახელით, ფრანგულ ენაზე წარმოთქმულმა მისასალმებელმა სიტყვამ, საყოველთაო მოწონება და სტუმრების მადლობა დაიმსახურა. 1892 წლის 17 ივლისს მოსკოვში საზეიმოდ გაიხსნა სრულიად რუსეთის ბოტანიკური გამოფენა. იგი 1-18 აგვისტოს არქეოლოგიური, ანტროპოლოგიური და ზოოლოგიური დარგების განხრით კონგრესის ჩატარებას დაუკავშირეს. დიმიტრი ჩოლოყაშვილმა ამ კონგრესზე რეფერატი წაიკითხა. ამავე დროს, მან მოსკოვის ბოტანიკური საკლიმატიზაციო ბაღის გამოფენასთან დაკავშირებით ვრცელი სტატიები დაწერა, რომლებიც მაშინვე გამოქვეყნდა ("Русские ведомости", 1892; "Новоеобозрение", 1892). საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიმიტრი ჩოლოყაშვილი, თავდაპირველად თელავ-თიანეთის, 1903 წლიდან კი სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა საზოგადოების წინამძღოლი იყო. შემდგომ იგი თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1915 წლიდან კი "ქართლ-კახეთის მარშლის" თანამდებობის აღმასრულებლად. იგი იყო "ქართველი მუშაკი, მოღვაწე, პატიოსანი მამულიშვილი, ყველგან და ყოველთვის დამცველი ქართული ინტერესებისა." დიმიტრი ჩოლოყაშვილს ქართველების სახელის მცველს უწოდებდნენ. ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც იყო სოფლის მეურნეობის, რკინიგზის, ერობის, განათლების საკითხები და ა.შ. მას ხშირად უხდებოდა ადგილობრივ და რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა. საკუთარი სახსრებითაც ეხმარებოდა სკოლებს. ლაგოდეხის სკოლას, რომლის მზრუნველიც იყო, ამარაგებდა წიგნებით, ხე-ტყის მასალით, ეხმარებოდა სოფელ მატანის სკოლასა და ა.შ. ("ივერია", 1898). 1911 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა თბილისში "ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება" შექმნა ("Закавказье", 1911), რომელმაც 1922 წლამდე იარსება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა "კავკასიის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება," მან აღნიშნული საზოგადოების ჩამოყალიბება საჭიროდ ჩათვალა, რათა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო ადგილობრივი მოთხოვნები და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობები. ამ საზოგადოების მოღვაწეობა ფართო სპექტრს გულისხმობდა: ქართლში მებაღეთა, გორში მეხილეთა, კახეთში მეღვინეთა საზოგადოებების დაფუძნებას; სოფლის მეურნეობის შესწავლას; პროვინციებისათვის აგრონომთა კადრების შექმნას; სოფლის მეურნეობის დაწყებითი სკოლების გახსნას; მთიან ადგილებში კუსტარული სახელოსნოების შექმნას, მეცხოველეობაში ინსტრუქტორთა მუშაობას; სასოფლო-სამეურნეო იარაღების, თესლების, სასუქის საწყობების გახსნას; პროდუქტების გაყიდვის ხელშეწყობას; სოფლად წყალგაყვანილობისათვის საგანგებო ტექნიკური სექციების მოწყობას; კოოპერაციული ამხანაგობების ხელმძღვანელობას; ბიბლიოთეკის გახსნას; პერიოდული სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის გამოცემას, კოოპერაციის შესახებ ლიტერატურის შედგენასა და გამოცემას; ფილიალების გახსნას; დაწესებულებებისათვის, საზოგადოებებისათვის, ამხანაგობებისათვის, კერძო პირებისათვის დახმარების გაწევას. დიმიტრი ჩოლოყაშვილი მუშაობდა ალაზნის სარწყავად "თამარის არხის" გამოყენების მიზნით, მისი განახლებისა და სოფლად წყაროების გამოყვანის პრობლემებზე. 1912 წელს მან დააფუძნა საკრედიტო საზოგადოება. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის მევენახეობა-მეღვინეობის კომიტეტის მუშაობაში. 1914 წელს ფალსიფიცირებული ღვინის წარმოების წინააღმდეგ შემუშავებულ კანონთან დაკავშირებით და, იმავდროულად, ფასების ზრდის ფონზე, მოუწოდებდა მევენახეებს აღნიშნული კანონი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როდესაც ყოველგვარი წოდებრიობა გაუქმდა, დიმიტრი ჩოლოყაშვილის კერძო საკუთრება, მთლიანად სახელმწიფოს გადაეცა ("Заря востока", 1927). მიუხედავად ამისა, მას თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრი და ზრუნვა არ შეუწყვეტია. 1930 წელს გაზეთ "Заря востока"-ში გამოაქვეყნა წერილი, რითაც გამოეხმაურა გაზეთის შენიშვნას. სათაურით "საქართველოს ნავთობი", საუბარი ეხებოდა წნორის წყლიდან წითელწყარომდე გზის სასწრაფოდ გაყვანას, რათა ადგილზე ჩაეტანათ ნავთობსაბურღი იარაღები და საჭირო ტექნიკა. ამის საპირისპიროდ, როგორც ადგილობრივი ტოპოგრაფიის კარგმა მცოდნემ, დიმიტრი ჩოლოყაშვილმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: საბურღი მოწყობილობები და საბურღი მასალები თბილისიდან წითელწყარომდე უნდა მიეტანათ არა შემოვლითი გზით ე.ი. სადგურ წნორის წყლიდან, არამედ სადგურ მელაანიდან. ეს გზა გაცილებით უკეთესი იყო, რადგან 35 კმ-ის მანძილზე არც განსაკუთრებული აღმართ-დაღმართი და არც მდინარეები იყო გადასალახავი და საჭაპანე გზით გადაზიდვა მარტივად მოხდებოდა და ხარჯიც ნაკლები იქნებოდა. ამ პატარა მაგალითიდანაც კარგად ჩანს დიმიტრი ჩოლოყაშვილისთვის დამახასიათებელი გულისხმიერება, კეთილმოსურნეობა და ზრუნვა საკუთარ სამშობლოზე. დიმიტრი ჩოლოყაშვილი რუსულ ენაზე თარგმნიდა და აქვეყნებდა ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ეგნატე ნინოშვილისა და სხვათა ნაწარმოებებს. 1907 წელს როდესაც ილია ჭავჭავაძის ნეშტი საგურამოდან თბილისში გადმოასვენეს, მან ილიას "გლახის ნაამბობის" ახალი თარგმანი გამოაქვეყნა ("Закавказье", 1907). თავადმა დიმიტრი ჩოლოყაშვილმა, თავადაზნაურთა საზოგადოების წინამძღოლმა, რუსეთის საიმპერატორო კარის კამერგერმა, განათლებით აგრონომმა კახეთში – ჭიაურში საფუძველი ჩაუყარა კაპიტალისტურად მოწყობილ საჩვენებელ მამულს, რომელიც ენერგიული და დაუღალავი შრომის შედეგად შექმნა. მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: რუსეთის იმპერიის არსებობის განმავლობაში, გამუდმებით იბრძოდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის, ე.წ. "ერობის" შემოღებისათვის; 1910-1914 წლებში კახეთის რკინიგზის გაყვანის ინიციატორი და მისი სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ; 1911-1922 წლებში მოქმედებდა მის მიერ დაფუძნებული "ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება". იგი იყო "საკრედიტო საზოგადოების" თავმჯდომარე, აგრეთვე "მევენახეობა-მეღვინეობის საბჭოსი"; დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებისა და განსაკუთრებით პროფესიული განათლების საკითხებს. მისი ინიციატივით 1910 წელს გორსა და თელავში ვაჟთა დაწყებითი გიმნაზიები გაიხსნა; ეხმარებოდა სკოლებს ფინანსურად, წიგნებითა და ხე-ტყის მასალით; სხვადასხვა დროს თელავის, თიანეთის, თბილისის თავადაზნაურთა საზოგადოების წინამძღოლი იყო. ბოლოს კი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა; აქტიურად ეხმაურებოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს. პერიოდულ გამოცემებში აქვეყნებდა სხვადასხვა სახის მასალას, ძირითადად, სტატისტიკურ ანგარიშებს, ეკონომიკური ხასიათის რჩევებს, გამოკვლევებსა და ლიტერატურულ თარგმანებს. ქველმოქმედი, ერასტი ჩოლოყაშვილის შვილი.

წყარო: დიმიტრი ჩოლოყაშვილი : (1868-1938) / ქეთევან მუშკუდიანი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2010.-ტ. 1 (46 B).-გვ.401-413


Share: