| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე მურვანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ორი კლასის შემდეგ დაასრულა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1896 წლიდან მსახურობდა სოფელ ავლევში, კ. მ. ამირეჯიბის მამულში, სურამ-ხაშურის უბნის სარკინიგზო და სხვა ბაღებში, სამტრედიის რაიონის სოფელ საჩინოში (სადაც გააშენა 40 ქცევა ხეხილის ბაღი 10.000 ძირით), 1924 წლიდან იყო თბილისის ბაქტეორიოლოგიური ინსტიტუტის საბაღე მეურნეობის გამგე (საკუთარი ხელით გააშენა 3 ჰექტარი ხეხილის ბაღი 1.000 ძირის ოდენობით). 1896 წელს, სხვებთან ერთად, სურამში დააარსა წიგნთსაცავ-სამკითხველო და ამავე წლიდან, სურამ-ხაშურის სცენისმოყვარეთა (ალექსანდრე და ვერა მიქაბერიძეებისა, ალ. მაღალაშვილისა და სხვათა ხელმძღვანელობით) წრეში მონაწილეობდა, რომლის წარმოდგენებიდან შემოსული ფულით ინახავდა სურამის სამკითხველოს და ღარიბ სტუდენტობას ეხმარებოდა. 1900 წელს ხაშურის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში შევიდა (მთელი ხაშურ-სურამის რაიონიდან მხოლოდ იგი მიიღეს წევრად). ამ ორგანიზაციის დავალებით სოფლებში მოწვეულ მიტინგებზე პროპაგანდა-აგიტაციას ეწეოდა მეფის მთავრობის წინააღმდეგ, იმავე დროს სამხედრო ორგანიზაციაში მუშაობდა. 1903 წელს ივანე მურვანიშვილის აქტიური მონაწილეობით გაიფიცნენ ხაშურის რკინიგზის მუშა-მოსამსახურეები და რკინიგზის მოძრაობა შეაჩერეს, რომლის დროსაც მეფის მთავრობამ რამდენიმე მუშა მოკლა, როგორც ხაშურის რკინიგზის საგაფიცვო ბიუროს წევრი, ივანე მურვანიშვილი 1904 წელს, სვ. ბაბლიძესა და დ. ლორთქიფანიძესთან ერთად, სურამ-ხაშურის მხრიდან დელეგატად იყო მიწვეული ბაქოს საყოველთაო საგაფიცვო კომიტეტში, ჯერ როგორც წევრი, შემდეგ ხაშურ-სურამის სოციალ-დემოკრატიული არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე. 1905 წლის 10-31 დეკემბერს ხელში ჩაიგდო სადგური ხაშური და მისი მახლობელი სარკინიგზო უბანი, მეფის მთავრობის მოხელე-მოსამსახურეები გადააყენა და რკინიგზის მართვა-გამგებლობას შეუდგა, შეაჩერა სახალხო და საბარგო მატარებლების მიმოსვლა და მთავრობის ჯარების საწინააღმდეგო შეიარაღებულ ძალთა სასარგებლოდ ფული შეკრიბა. 1905 წლის დეკემბერში წიფასთან კაზაკებზე თავდასასხმელად ივანე მურვანიშვილმა ნ. სიხარულიძეს, ვალ. ბექაურსა და ვალ. ქიმერიძესთან ერთადს სურამიდან მარხილით გადაიტანა ხადურის ორგანიზაციის მიერ მომზადებული ყუმბარები, იგი ნ. სიხარულიძესთან ერთად წითელ რაზმს მეთაურობდა. ივანე მურვანიშვილი სოფელ მოლითში წავიდა რაზმელების ჩამოსაყვანად, ამ დროს მისი ამხანაგები (ნ. სიხარულიძე, ნ. ციციშვილი და ვ. ქიმერიძე) კაზაკებმა ტყვედ აიყვანეს და წიფის სადგურის სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული, მათ სიკვდილით დასჯა ელოდათ. ივანე მურვანიშვილმა 15 წითელარმიელით დაამარცხა კაზაკების მთელი როტა და 1906 წლის 1 იანვარს გაათავისუფლა ამხანაგები. მეფის გენერლის, ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის შემოსევის დროს, იგი იმერეთის სოფლებში მიტინგებს მართავდა და ხალხს ალიხანოვ-ავარსკის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. ბაქოში ვერაგულად მოკლული მონტინი ივანე მურვანიშვილმა ჩამოასვენა თბილისში. რევოლუციური მუშაობისთვის მთავრობისაგან დევნილი ივანე მურვანიშვილი, სამეგრელო-იმერეთის სოფლებში არალეგალურად ცხოვრების დროს, სცენისმოყვარეთა დახმარებით საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენებს მართავდა სკოლის, წიგნთსაცავის, პოლიტიკურ დევნილთა, გაჭირვებულ ოჯახთა და სხვათა სასარგებლოდ. წარმოდგენებს მართავდა სურამში, ხაშურში, ხონში, ახალსენაკში, ჭიათურაში, შორაპანში, გორში, ახალციხეში, აბასთუმანში, ბორჯომში, წაღვერში, ონში, გომში, აგარასა და სხვ. მიწვეული იყო სურამის დრამწრის რეჟისორად. 1906-1908 წლებში ქუთაისის სცენაზეც გამოდიოდა, 1908-1909 წლებში კი თბილისის ქართული დრამატული დასის მსახიობი იყო. უმთავრესად, კომიკურ როლებს ასრულებდა. დაწერა პიესა "თაგვის ბრალია!" ამავე დროს, სურამიდან და რაჭიდან გაზეთებში კორესპონდენციებს ათავსებდა სურამელი ვანოს ფსევდონიმით. პოლიტიკური საქმიანობის გამო, 1905 წელს, ნ. სიხარულიძეს, ივ. ომანიძეს, ივ. ნინუას, ივ. ტატიშვილთან და ივ. იმნაძესთან ერთად, ივანე მურვანიშვილი მეფის მთავრობამ ოლონეცის გუბერნიაში გადაასახლა 5 წლით. 1909 წელს შეიპყრეს და დიდი სასჯელიც ელოდა, მაგრამ შემთხვევით ყელზე შერჩენილ ჯვარზე ციხის საკანში ლოცვის დროს ციხის უფროსმა შენიშნა, რის გამოც ბრალდება შეუცვალეს, ხოლო შემდეგ კი გაამართლეს. მასთან ერთად პასუხისგებაში იყვნენ მიცემული: ნ. სიხარულიძე, ი. კვალიაშვილი და სხვ. 1923 წელს ხაშურის მუშათა კლუბის ხელმძღვანელად მუშაობდა, სადაც მას სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.389-390
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

