The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა დედოფალი

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

ანა დედოფალი იყო კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის (1476-1511) მეუღლე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოებსა და მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. აღსანიშნავია მისი ღვაწლი ალავერდის დანგრეული ტაძრის აღდგენა-განახლებაში. უცნობი ქართველი მწიგნობრის ანდერძი: "ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთავე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთ-დედოფალი ნესტან-დარეჯან და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა. ესენი იყუნეს უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნენი, მაშენებელნი ეკლესიათანი. რამეთუ ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა ვერ ხელეყო განწმედად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმიდნეს ყოვლისაგან ღუარძლისა, აღაშენნეს ცა და გუმბათი და სამხრონი". ანა დედოფლის განსაკუთრებული დამსახურება ქართული კულტურის წინაშე მდგომარეობს შემდეგში, მისი ბრძანებით გადაიწერა "ქართლის ცხოვრების" ძვირფასი ნუსხა. ანდერძში ანა დედოფალი ასე იხსენიება: "ღმერთო და ყოველნო წმიდანო მისნო და წმიდაო გიორგი ალავერდისაო, მთავარ-მოწამეო, მცველ და მფარველ, მხარისა მდგომელ და განმმარჯუებულ ეექმნენით ორთა ცხორებათა შინა პატრონთა: დედოფალთა-დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და ძესა მათსა, ღმრთივ გუირგუინოსანსა მეფესა ალექსანდრეს და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა. დაღაცათუ ჩუენ შეუძლებელ ვიყვენით, არამედ ბრძანებათა მისთა ვერღარა ურჩ ვექმნენით". ეს ხელნაწერი აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა იპოვა სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანთა საგვარეულო ბიბლიოთეკაში 1913 წელს. მანვე მიუძღვნა პირველი სპეციალური გამოკვლევა, გაარკვია მისი რაობა, გადაწერის თარიღი (XV საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი) და მომგებლის ვინაობა (ანა დედოფალი). "ქართლის ცხოვრების" ადრე ცნობილი ხელნაწერიდან ეს ნუსხა განსხვავებულია: მასში ძირითადი თხზულებებიდან შედის ხუთი ძეგლი (ლეონტი მროველის, ჯუანშერის, არჩილის წამება, მატიანე ქართლისა და დავით აღმაშენებლის ისტორია). ამას მოსდევს "ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე", რომელიც შეიცავს დიმიტრი მეფის, გიორგი მესამის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის მეფობათა მოკლე ისტორიას. "ამგვარად, ამ ნუსხის მოპოვებამ შეგვძინა ის ფაქტი, რომ XV საუკუნის გასულს "ქართლის ცხოვრების" გადამწერს ხელთ ჰქონია ისეთი ნუსხა, რომელიც თავდებოდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებით და რომ მასში არც თამარ მეფის ისტორია იყო და არც მონღოლთა დროინდელი ისტორია, ამათ ნაცვლად ნუსხის რედაქტორს დაურთავს მოკლე მატიანე, ე. წ. ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე.  "ქართლის ცსოვრების" დასახელებულ ხელნაწერში, რომელსაც ჩვეულებრივ ანასეულს უწოდებენ, საისტორიო თხზულებებს ერთვის იოანე ზედაზნელის ცხოვრების ნაკლული ტექსტი ("ცხოვრებაი წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისაი, რომელი ბრძანებითა ღმრთისაითა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაითა მოივლინა ქუეყანით შუამდინარით ქუეყანად ქართლისად ათორმეტთა მოწაფეთა მისთა წმიდათა თანა"). ზოგი მკვლევარი მას კათალიკოს არსენ მეორეს (X ს.) მიაკუთვნებს (პროფ. ილ. აბულაძე), ზოგი კი (აკად. კ. კეკელიძე) მეტაფრასულად მიიჩნევს. ანასეული "ქართლის ცხოვრება" ქართული წერილობითი კულტურის დიდებული ძეგლია, ხოლო მისი მომგებელი ანა დედოფალი ღვაწლმოსილი მანდილოსანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული მწიგნობრობის ისტორიაში. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ახლებურადაა დასმული ანასეული "ქართლის ცხოვრების" თარიღის საკითხი. კერძოდ, გარკვეულია, რომ პალეოგრაფიული ნიშნებით დასახელებული ნუსხა თარიღდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნით. ამრიგად ეს ხელნაწერი  წარმოადგენს არა ანასეულ "ქართლის ცხოვრებას", არამედ მის პირს, გადაწერილს XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე. ქველმოქმედი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.49-52


გააზიარე: