The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულქანი

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, კალიგრაფი, პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ვანის ქვაბთა მონასტრის ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე მონაზონი ქალების მიერ შესრულებული ორმოცდაათამდე მხედრული წარწერა აღმოჩნდა. ეს წარწერები, 1933 წელს ადგილზე ნახა და ამოიკითხა აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა. 1936 წელს ამ წარწერებიდან რამდენიმე ამოიკითხა და გამოაქვეყნა კ. ესმაშვილმა, 1954 წელს წარწერები კალკების ფოტოსურათებითურთ გამოაქვეყნა ვ. ცისკარიშვილმა, 1958 წელს წარწერები ადგილზე გაიცნო და მათში რამდენიმე ლექსი ამოიკითხა შ. ონიანმა. ამოკითხულმა მასალამ ძველ ქართულ პოეზიას შემატა რამდენიმე უცნობი მწიგნობარი ქალის სახელი, ეს მანდილოსნებია: გულქანი, ანა რჩეულაშვილი, თუმიან გოჯიშვილი და შაღაბანი სულთანი. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერები უნიკალურ საგანძურს წარმოადგენს, ათარიღებდნენ XIII-XVI, ზოგჯერ XIV-XV და XV ან XVI საუკუნეებით. წარწერები ზოგადად, XV-XVI საუკუნეებითაა დათარიღებული. ვანის ქვაბთა მონასტრის ეკლესიის რამდენიმე წარწერაში მოხსენიებულია ნიჭიერი ქართველი მანდილოსანი, განსწავლული მწიგნობარი, გაწაფული კალიგრაფი და დახელოვნებული მხატვარი გულქანი. სამწუხაროდ, ბიოგრაფიული ცნობები მასზე არ შემონახულა, ზუსტად მისი ვინაობა არ ირკვევა. მის შესახებ ზოგიერთი რამ, თუმცა სავარაუდო და არა ზუსტი, ცნობილია მისივე წარწერიდან: "ქ. ღმერთო და ყუალა წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო და რანიც წმიდანი მთავარანგელოზნი სუეანები ხართ! თქუენს ძალას და მოწყალებას, უშუელეთ და ულხინეთ მოსამსახურეს, მიწას თქუენს, თვალპატიოსანს, უებროს გულქანს. ვიყავ დევნილი, რომ მომიყვანა მანუჩარ ქალად და გასათხოვრად. ქმარი ჯერ არ მედგა. ღმრთის მადლმა და ამა წმიდათა მადლმა, ჩემსა ულამაზესი სულიერი დედასმიწაზედა არა იარებოდა და არც სხუა გამოსულა: არც თუალად, არც ტანად, არც ზნითა, არც გონებითა, თუარემ ჩემნი მნახავნი არ გამამტყუვნებენ. ესე ხაზანნი არიან ამისნი მოწამენი და ეს ლომი". გულქანის ხელითაა მიწერილი ერთი სატრფიალო ხასიათის ორტაეპიანი მაჯამა, რომელიც აღდგენილი სახით ასე იკითხება: "წავალ, შევერთვი მძოვართა და ჯოგთა არნებისათა, მრავალთა მბრძოლთა ვაომებ ჩემისა არ ნებისათა". საყურადღებოა გულქანის ლექსად მიმართვა ღვთისმშობლისადმი: "ღმრთისმშობელო, შენ ცოდვილთა მეოხი ხარ, უშურველი; შენ აღხვოცე ცოდვა ჩემი უმრავლესი, დაუთვლელი, მე სამოელ ტანჯვად მაწვევს, უშიში და უკრძალველი, მწეო ჩემო, შენ მიშუელე, გამოხსნასა შენგან ველი, მრავალთუალნი ანგელოზნი შენგან ძრწიან ძალნი დასნი, ჯოჯოხეთით მოციქულნი გამოვიდეს ბევრ ათასნი". მტკიცება იმისა, ეკუთვნის თუ არა ეს ტექსტი გულქანს, ძნელია, მაგრამ ვისიც არ უნდა იყოს ეს ლექსი, "იგი ღვთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვა-ვედრებითი ღაღადისია" (აკად. ა. ბარამიძე) და ქართული სასულიერო-საეკლესიო პოეზიის უაღრესად საინტერესო ძეგლია, თუ გულქანია მისი ავტორი, მაშინ ეს ტანჯული მონაზონი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ბრწყინვალე ჰიმნოგრაფად. მონაზონი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.52-61


გააზიარე: