| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი შარაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ლევილ-სიურ-ორჟი, საფრანგეთი. გიიორგი შარაშიძე დაიბადა ქართველი ემიგრანტის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, პროფესიით ჟურნალისტის დავით შარაშიძის და ფრანგი მასწავლებლის ოჯახში. გიორგის მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, ფილიპე შარაძისა და სიმონ ფირცხალავას მონდომების წყალობით გიორგი შარაშიძე მშობლიურ ენას დაეუფლა. ფრანგულ სასწავლებელში სწავლის დროს ის ბევრს მუშაობს, ითვისებს რუსულსა და სომხურს, თანამედროვე ქართულს ამატებს ძველი ქართულის ცოდნას, შემდგომ ამზადებს სადოქტორო ნაშრომს. მისი სამეცნიერო კარიერა იმთავითვე სამი გზით წარიმართა-კულტურული ანთროპოლოგია, ისტორია და ლინგვისტიკა. გიორგი შარაშიძის პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი ჟორჟ დიუმეზილი იყო (1953), სწორედ მან განსაზღვრა მეცნიერის შემდგომი ბედი და იტვირთა მისი სადოქტორო ნაშრომის პატრონობა. 1964 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა ახალგაზრდა მეცნიერის შრომა "მაზდეური გადმონაშთი ქართველ მთიელთა შორის". ჟორჟ დიუმეზილთან ურთიერთობის პირობებში, რომელიც მეტრის სიკვდილამდე არ შეწყვეტილა, შეიქმნა მისი ფუნდამენტური ნაშრომი "წარმართული საქართველოს რელიგიური სისტემა"("Le système religieux de la Géorgie païenne, Analyse structurale d'un civilization", 1968). დიუმიზელთან ურთიერთობამ გიორგი შარაშიძეს გაუღვიძა ლინგვისტური ინტერესები კავკასიოლოგიაში, კერძოდ, დიუმეზილი დაინტერესებული იყო უბიხური ენით, რომელიც თურქეთის დიასპორაში უაღრესად მცირერიცხოვანი ჯგუფის სამეტყველო ენა იყო და გაქრობა ემუქრებოდა. ლინგვისტურ ინტერესს წარმოადგენდა ქრობამდე მისული მეტყველების დაფიქსირებისა და მეცნიერებისთვის მისი გადარჩენის კეთილშობილური მიზანი. გიორგი შარაშიძეს მასწავლებლისგან მემკვიდრეობით ერგო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე შექმნილი უბიხური ფოლკლორის არქივი და კვლევის განგრძობა. მასწავლებლის სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა მან ნიუ-იორკში უბიხური გრამატიკა (1969), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ. ფოლკლორული და სხვა ხასითის ტექსტები სკრუპულოზური ლინგვისტური ანალიზითურთ. გამოქვეყნებულია ასევე მათი ერთობლივი ნაღვაწი "უბიხური ენის ლექსიკონი". 1969 წლიდან ის ასევე კითხულობს ლექციების კურსს კავკასიურ ენათა და ცივილიზაციათა ინსტიტუტში, "ekol pratik dez ot etiudis", ფილოლოგიურ მეცნიერებათა სექციაში. ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას. იგი იყო "სააზიო საზოგადოების" და "ლინგვისტური საზოგადოების" წევრი. გიორგი შარაშენიძე მხოლოდ "თეორიული" მეცნიერი არ ყოფილა. ის საველე მუშაობასაც ეწეოდა. ბევრჯერ იმოგზაურა თურქეთში, სადაც ჰქონდა შეხვედრები გადმოსახლებულ ჩეჩნებთან, აფხაზებთან, უბიხების უკანასკნელ წარმომადგენლებთან. მის სახელს უკავშირდება ასევე 1985 წლიდან ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური ჟურნალის "Revue des Etudes Géorgiennes et Caucasiennes" დაარსება და გამოცემა ჟორჟ დიუმეზილთან ერთად. ამ გამოცემამ ჩაანაცვლა მანამდე ნინო და კალისტრატე სალიების მიერ გამოცემული ჟურნალი "ბედი ქართლისა" და 1995 წლამდე იარსება. გიორგი შარაშიძე ყურადღებით ადევნებდა თვალს და პრესაში ეხმიანებოდა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში აღნიშნავდნენ ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროში. შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეს მიეძღვნა მისი წერილი "რუსთაველი და ქართველი ხალხი" (ჟურნალი "კავკასიონი", პარიზი, 1967, XII). ისტორიის დარგში მას ეკუთვნის ნაშრომი "ქართული ფეოდალიზმის კვლევის შესავალი, გიორგი ბრწყინვალის სამართლის კოდექსი" (Introduction à l'étude de la féodalité géorgienne. Le code de Georges le Brillant, 1971). მართალია მონოგრაფია გიორგი ბრწყინვალის სამართლის ანალიზს წარმოადგენს, მაგრამ ეს არის ცდა კონკრეტულ მაგალითზე მთლიანად ქართული "ფეოდალიზმის" ანალიზისა. გ. შარაშენიძეს ეკუთვნის მონოგრაფია "პრომეთევსი ანუ კავკასია: ცდა კონტრასტული მითოლოგიისა" (Promethée ou le Caucase: Essai de mythologie contrastive, 1986). მონოგრაფია ეხება ამირანის პრობლემას. მის კალამს ეკუთვნის ასევე ნაშრომი "ინდოევროპული ხსოვნა კავკასიაში "(პარიზი,1987). "აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ქართულ და კავკასიურ კვლევათა პროფესორი. პოლიტიკოს დავით შარაშიძის შვილი, საზოგადო მოღვაწის გიგო (გიორგი) შარაშიძის შვილიშვილი. წყარო: გიორგი შარაშიძე / ნანა მეტრეველი // იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება = Ibero-Caucasian lingustics = Иберийско-кавказское языкознание.-თბილისი, 2011.-N39.-გვ.259-271 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

