| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალომე![]()
Biographyსალომეს ნაწერებიდან შემორჩენილია "მწუხარებისა ანბანთქებანი", ანუ როგორც ავტორი უწოდებს "სევდის წიგნი". სალომეს ნაწარმოები შეიცავს: 1. ოთხ ანბანთქებას (149 ტაეპი), 2. ჩახრუხაულით დაწერილ ანბანთქებას, რომლისგანაც ხელნაწერში, ფურცლების დაკარგვის გამო, მხოლოდ ორი დასაწყისი ტაეპი (ანზე და ბანზე) დარჩენილა, და 3. თექვსმეტმარცვლოვან შაირით დაწერილ ოცდაათ ტაეპს. "სევდის წიგნი" წარმოადგენს ბიოგრაფიულ-ეპისტოლარული ხასიათის პოემას. მთელი ნაწარმოები გამსჭვალულია უაღრესი ელეგიური განწყობილებით და რელიგიური გრძნობით, მათ აერთიანებს ერთი ძირითადი თემა: ქალის გლოვა, გამოწვეული საყვარელი ქმრის შორეულ მხარეში გადაკარგვით. სალომეს შესახებ არავითარი ისტორიულ-ლიტერატურული ცნობა არ მოიპოვება, როგორც ტექსტიდან ირკვევა, სალომე ერეკლე II-ს თანამედროვე ყოფილა. იგი მრავალჯერ იხსენიებს ერეკლე II-ს, როგორც პოლიტიკურ მტრებთან და სახელმწიფოს ორგულ ფეოდალებთან მებრძოლ მეფეს. თვით სალომეს ვინაობის შესახებ არაფერია ცნობილი. პოემიდან ჩანს, რომ სალომეს მშობლები ყოფილან ვინმე ფარსადანი და მისი მეუღლე დარეჯანი. იგი ადრე დაობლებულა. თორმეტი წლისას დედაც გარდაცვლია. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში სალომე დაუნიშნავთ თუ გაუთხოვებიათ "ღვდლობაში გაზრდილ" ჭაბუკზე: "ის იყო თუთხმეტის წლისა, შევხვდი მე ცხრისა წლისა და ნებიერობით გამზარდა, არ გამიფრთხობდა ძილსადა"... სალომეს ყველა ნათესავები გარდაცვლილა: მშობლები, ბიძა, დები, დისწულები. მესამე ანბანთქება მთლიანად მისი სამწუხარო ბიოგრაფიული თავგადასავალისა და გარდაცვლილი ნათესავების მოგონებისათვის არის მიძღვნილი, ავტორი ამ თავს უწოდებს "მკვდართა ტირილს". სალომეს მღვდლისაგან სამი შვილი შეძენია. მღვდელს რაღაც პოლიტიკური ხასიათის დანაშაული ჩაუდენია. ერეკლე მეფის რისხვის თავიდან ასაცილებლად, იგი იძულებული გამხდარა თავის "ბატონთან" ერთად ახალციხეს გადახვეწილიყო და იქ ფაშასთან შეეფარებინა თავი. სალომე ევედრება ღმერთს დაიხსნას მისი მეუღლე გაჭირვებისაგან და მშვიდობიანად დაუბრუნოს ოჯახს: "შენ აჩვენე მღვდელს კიდევა საცოდავი სამი შვილი"…. "თათართა ხელისგან იხსენ, ნახვას გეაჯი წმინდაო, თუ ცოცხალმა ვეღარ ვნახო, სულსა შემყარე წმინდაო". სავარაუდოდ მღვდელი ერეკლე მეფის წინააღმდეგ შეთქმული ან აჯანყებული რომელიმე ფეოდალის კარის მოძღვარი უნდა ყოფილიყო, რომელიც ახალციხეში გადაიხვეწა და მღვდელიც თავის "პატრონთან" იმყოფებოდა, ამის შესახებ გარკვევით მიუთითებს სალომეც რამდენიმე ადგილას: "ბედმან მაღირსოს ბატონი ჩვენი შერიგდეს მეფეს მაღლისა ძალით"... "იადვილე, ღმერთო, ჩემთვის ძნელის ცეცხლის განქარვება, ირაკლი მეფეს დამართე ბატონს ჩვენზე მოწყალება. ისევ მოხვდეს სამკვიდროსა, უადგილოს ნუ დაშთება..." სალომე შესთხოვს ღმერთს, რათა მან ერეკლე მეფეს მოულბოს გული გაქცეულებზე: "იფიქროს ჩვენმა ბატონმა: შენ რა მიაგე რა მასო? ირაკლი მეფეს ჩაუდე ვით გული შვილზე მამასო", როგორც პოემიდან ჩანს, ერეკლეს რისხვა მარტო მღვდლის ბატონს როდი დასტყდომია თავს. სალომე მიმართავს ღმერთს: "გაქვს უფსკრული მოწყალება, ღმერთო, ამით გევედრები, გული მიეც მეფეს ჩვენსა შეირიგოს თავადები, განიშოროს ორგულობა, გააცუდოს მათი მტრები"... სალომე ამგვარად ლაპარაკობს მეფისაგან განდგომილ ფეოდალების შესახებ, მისი სიტყვიდან ჩანს, რომ ვიღაც თავადებს მეფე ერეკლესთან შესარიგებლად ჰქონიათ საქმე, რომ მეფეს ჰყავს "ორგულები" და "მტრები" თავადების წრიდან. სალომეს შაირები მიუთითებს მე-18 საუკუნის საქართველოს შინაპოლიტიკური ცხოვრების რომელიღაც მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე, ერეკლე II-ს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზე ან აჯანყებაზე და თავადების განდგომაზე. სავარაუდოდ სალომეს "ანბანთქებაში" მოხსენებული მღვდლის "ბატონიც" ამ შეთქმულებაში მონაწილე თავადთაგანია, რომელიც შეთქმულთათვის არასასიამოვნოდ დამთავრებული საქმის შემდეგ გაქცევია ერეკლეს II-ს რისხვას და თავი შეუფარებია ახალციხის საფაშოსათვის. სალომეს "ანბანთქებანი" და პოემა "სევდის წიგნი" დაწერილი უნდა იყოს 1770-1771 წლებში, ერეკლე II-ს პოლიტიკური ძლიერების ხანაში, მე-18 საუკუნის მესამე მეოთხედში. სალომეს ლიტერატურული მემკვიდრეობა გამოქვეყნდა მხოლოდ ერთხელ, XX საუკუნის 30-იან წლებში. მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.123-131
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

