The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დავით რექტორმა თავის ცნობილ ანთოლოგიაში შეიტანა XVIII საუკუნის პოეტი ქალის, მანანას "შაირნი", "მანანასთან ციების ბაასი", სახუმარო ლექსი კიბიდან გადმოვარდნის შესახებ ("ცეცხლი მოედოს ფაშასა"), ერთი პატარა ლექსი სანადირო ჩიტის მარჯანის შესახებ ("ესეც რაღაც ღარიბად თქმული"). მანანას პიროვნების შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ შეიძლება "მანანა სოფელ ძევერიდან იყო (გორის მახლობლად), სადაც ცხოვრობდნენ ჯავახიშვილები და ზედგინიძეები", ამის საფუძველს თვით პოეტი იძლევა სახუმარო ლექსში კიბიდან გადმოვარდნის შესახებ ("და როცა ვინმემ შეიტყო, ძევერა შეიყარაო"). მანანას თავისი ლექსები მოხუცებულობის ჟამს დაუწერია: "დაცემული ვარ ცოდვისგან, ყოველ ჟამს სიკვდილს მოველი", ("მანანას თქმული შაირნი") "ჯერ არის ხელი გიმტყუნობს, მემრე კანკალა ხელია, ("მანანას კიბიდან ჩამოვარდნა") მანანა ერეკლე II-ის თანამედროვე და მისი ძლიერების მომსწრე ყოფილა: "ჩვენი ხელმწიფე ერეკლე ღვთისგან არის დიდებული, მათ ზევით მათი მებრძოლე მათგან არის შერისხული, ცის ქვეშე კიდის-კიდემდე მტერი ჰყავს დამონებული, სხვა არა თქმულა ხელმწიფე მისებრი გამარჯვებული". სავარაუდოდ მანანა დაიბადა მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, ხოლო მისი პოეტური მემკვიდრეობა ეკუთვნის მე-18 საუკუნის მეორე ნახევარს. მანანას პიროვნებას ნათელს ჰფენს მისივე "შაირნი". იგი საკმაოდ მოზრდილი ნაწარმოებია, შეიცავს 68 სტროფს, დაწერილია 16-მარცვლოვანი რუსთველური შაირით. ლექსი სავსეა მოთქმითა და იესო ქრისტესადმი მიმართული ვედრებით – დაიცვას მანანას ცოდვილი სული ("ცოდვილი დედაკაცი ვარ, ჩემიც რამ შეისმინეო"). ასევე ცნობილია გადამწერი ქალი მანანა, რომელსაც 1780 წელს გადაუწერია კრებული, რომელიც შეიცავს "ამირანდარეჯანიანს", "წმიდა გიორგის ცხოვრებას", "ვეფხისტყაოსანს" და წერილებს. კრებულს ერთვის გადამწერის ანდერძი ლექსად, საყურადღებოა, რომ გადამწერი მანანა თავისი ლექსებით ეხმაურება პოეტი ქალის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. ორივე ხელნაწერის ანდერძი შესრულებულია ერთი ხელით. ამას ადასტურებს ასოთა მოხაზულობა, სპეციფიკური განლაგება, გადაბმის ერთი და იგივე წესი. არსებული მასალა არ იძლევა უფლებას, დაბეჯითებით ითქვას, თუ რა გვარისა იყო პოეტი ქალი. შეიძლება ის მართლაც ზედგინიძე იყო, ერთი კი ნათელია, რომ მანანა, გარდა ორიგინალური შემოქმედისა ნაყოფიერი გადამწერიც ყოფილა. გადამწერ-მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.131-140


გააზიარე: