| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა თუმანიშვილი-ამილახორი![]()
ბიოგრაფიაანა იყო ეგნატი ბაინდურის ძე თუმანიშვილის ასული, რომელიც ჯერ ერეკლე მეორის, ხოლო შემდეგ გიორგი XII-ის მდივანი ყოფილა. ცოლად გაჰყოლია ავთანდილ ამილახვარს, რომელთანაც ორი შვილი შესძენია. თავისი ძმის, გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილის მსგავსად, ანაც გატაცებული ყოფილა ხელნაწერების გამრავლებით. ანას 1825 წელს გადაუწერია "ვისრამიანი" და შოთა რუსთველის "ვეფსისტყაოსანი". "აღვსწერე მე თავადის ავთანდილ ამილახოროვის კნეინა ანამ ეს "ვეფხისტყაოსანი". გადაუწერია "ბარამგულანდამიანი" და სხვ. წერდა ლექსებსაც, რომელთაც ურთავდა გადაწერილ ძეგლებს. ანამ მის მიერ 1811 წელს გადაწერილ "ყარმანიანს" დაურთო კრიპტოგრაფიული მინაწერი, ხოლო "მირიანის" ტექსტისათვის, ასეთი ლექს-ანდერძი დაურთავს: "ვითავე და აღვსწერე ესე წიგნი მირისა. წასაკითხად საამო ყოვლის კაცის პირის, ამბავი განმარტებით ლხინისა და ჭირისა, ყოვლნი წამკითხველნი შეგაქციოთ ამანა, დღეგრძელობა მიბრძანეთ, მოგახსენებთ ანანა, თქვენცა მოგცეთ სიცოცხლე მაცხოვარმა მამამა; თუ რამ შეცდომა ნახოთ ამ წიგნისა თავზედა, მოხუცობაში გახლდით, სათვალე მქონდა თვალზედა". როგორც ანდერძიდან ჩანს, ანა (ანანა) ნაყოფიერ საქმიანობას ეწეოდა მოხუცებულობის ჟამსაც. ანას მიაკუთვნებენ აგრეთვე მის მიერ გადაწერილი "ვისრამიანის" ტექსტში ჩართულ ორ ლექსს. ანას ლექსებს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის საქმეში. ანას ლექსებს ატყვია ხალხური პოეზიის გავლენა. როგორც ჩანს, ანას ღვაწლს სათანადოდ აფასებდნენ ჯერ კიდევ მისი თანამედროვენი. ამ მსრივ საყურადღებოა მის მიერ გადაწერილ "ვეფხისტყაოსანზე" დართული მინაწერი დავით თუმანიშვილისა: "დაწერილ ესე შენ მიერ აღმიჩნდა ამო ქმნილებად, ამად, რომელ მდედრმან ესე ნაღვაწ შენნი შენდა ხსენებად, ვითარ წარწერე და დაშვერ, ნათქვამი მზეთა მათ საქებად, ითქვასცა ქება სხვათაგან ავად არსადა ხსენებად". გადამწერ-მწიგნობარი. ეგნატე თუმანიშვილის შვილი, დავით, გიორგი და იასე თუმანიშვილების და. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.176-178
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

