ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გრიგოლ ჩარკვიანი
| დაბადების თარიღი: | 1852 |
| გარდაცვ. თარიღი: | 9 მარტი, 1922 (70 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | კუკიის სასაფლაო, თბილისი |
| კატეგორია: | საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო კულტურულ საქმიანობაში. 1871 წელს იყო ნაძალადევის თეატრის დაარსების ინიციატორთა შორის. 1875 წელს იოსებ მელიქიშვილთან ერთად დაიწყო წიგნების გამოცემა, ხოლო მოგვიანებით ეს საქმე დამოუკიდებლად განაგრძო. 1879-1880წწ. გ. ჩარკვიანმა თბილისში გახსნა საკუთარი სტამბა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნულ საგამომცემლო საქმეში. მის სტამბაში გამოიცემოდა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართული ლიტერატურა, გამოსცა: გრიგოლ რჩეულიშვილის - "თამარ ბატონიშვილი", შოთა რუსთაველის - "ვეფხისტყაოსანი" (მერვე გამოცემა, 1887), დანიელ ჭონქაძის - "სურამის ციხე", ლერმონტოვის - "დემონი" და სხვა. 1878 წელს, ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე დააარსა "ქართული წიგნის მაღაზია "გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანისა". მაღაზია სწრაფად იქცა ქართული ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ღოღობერიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე და სხვები. მაღაზია ფაქტობრივად ეროვნული კულტურის ცენტრად იქცა, სადაც წყდებოდა ქართული წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები. 1878-1888წწ. კატალოგები მიუთითებს, რომ მაღაზიაში იყიდებოდა მრავალჟანროვანი ქართული ლიტერატურა: საღმრთო სჯული, სახელმძღვანელოები, საყმაწვილო ლიტერატურა, საორიგინალო ნაწარმოებები, პოეზია, თარგმანები, ისტორიული და მეცნიერული ნაშრომები. აქვე იყიდებოდა შლიტერის მიერ ჩარკვიანის შეკვეთით დამზადებული შოთა რუსთაველის თაბაშირის ბიუსტიც. გრიგოლ ჩარკვიანი გამოირჩეოდა კალენდრების გამოცემითაც, ამ საქმიანობას იგი 30 წლის განმავლობაში ეწეოდა. 1889 წელს მან გამოსცა "საერო კალენდარი მხატვრობით", ხოლო 1904 წლიდან - "ძმობის კალენდარი" ქართველთა, კათოლიკეთა, სომეხთა, მაჰმადიანთა და ებრაელთა. კალენდრები შეიცავდა როგორც საკალენდრო ცნობებს, ისე ქართველ წმინდანთა ცხოვრების მოკლე აღწერებსა და ისტორიულ მასალებს. 1907 წლისთვის, "დაუშვებელი" გამოცემების გამო, რომელიც იწვევდა ხელისუფლების უკმაყოფილებას, ჩარკვიანი ზეწოლის ქვეშ მოექცა და საბოლოოდ მოუწია სტამბის გაყიდვა. მისი მოღვაწეობა დღემდე ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ქართული წიგნის, განათლებისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. გამომცემელი, მესტამბე.
წყარო: ქართული წიგნის ამაგდარნი : გ. ქართველიშვილი, რ. ისარლიშვილი, ე. ხელაძე, გ. ჩარკვიანი, ზ. ჭიჭინაძე, მ. გედევანიშვილი, ს. ფირცხალავა / ლ. ნანიტაშვილი.-თბ.,1985.-გვ.57-70
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1899-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილება, მუდმივი წევრი (1917-)
|