| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუდოლფ ვირხოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. შიფელბაინი, გერმანია. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1843 წელს. გამოჩენილი გერმანელი მეცნიერის შრომებს საქართველოში იცნობდნენ მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან, 1881 წელს კი ქართველ ექიმებს საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა რუსეთის არქეოლოგთა მე-5 ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად. მანამდე ამ ყრილობაზე მის მიერ წარმოდგენილი მოხსენების რეფერატი იმავე წელს დაიბეჭდა ბერლინში. რუდოლფ ვირხოვი მხარს უჭერდა კავკასიის, როგორც მსოფლიოს უაღრესად საინტერესო რეგიონის შესწავლის აუცილებლობას. ამას მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოხმაურება. ზოგიერთი უცხო ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებამ კავკასიაში მცხოვრებ ექიმებს მიმართა თხოვნით, შეეგროვებინათ და გაეგზავნათ ამ მხარეზე არსებული მასალები. როგორც სჩანს, ასეთი მონაცემები მიიღო რუდოლფ ვირხოვმაც, რომელიც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით "ტუბერკულოზიანი ავადმყოფების კლიმატური მკურნალობა". ცნობილი ქართველი ოფთალმოლოგის გიორგი ტარსაიძის (1857- 1904) თანხლებით რუდოლფ ვირხოვმა იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ პროვინციებში, მოინახულა ბორჯომის ხეობის საკურორტო ადგილები, რომელმაც მისი დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილები თითქმის სრულიად კეთილმოუწყობელი იყო, მეცნიერმა მათ დიდი მომავალი უწინსწარმეტყველა და ევროპის კურორტებს შეადარა. აბასთუმანში ყოფნის აღსანიშნავად მოგვიანებით, რემერტის ხიდთან მოეწყო მემორიალური დაფა წარწერით: "აღმართულია 1881 წელს აბასთუმანში პროფესორ ვირხოვის ჩამოსვლის აღსანიშნავად მისი პატივისმცემელი ექიმების მიერ". 1881 წლის სექტემბერში რუდოლფ ვირხოვი ბათუმში ჩადის. მან მოინახულა ჰოსპიტალი და ბათუმიდან 15 ვერსით დაშორებული ადგილი, სადაც განზრახული იყო გულით დაავადებულთათვის ლაზარეთის აშენება. სწორედ რუდოლფ ვირხოვმა, პირველმა გამოთქვა მოსაზრება ბათუმის საკურორტო მნიშვნელობის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და მალარია მძვინვარებდა. სტუმარი ადასტურებდა, რომ "ბათუმი და მისი მიდამოები თავისი ბუნებრივი მონაცემებით განეკუთვნებიან ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს კლიმატური სადგურის მოსაწყობად". რუდოლფ ვირხოვის ბათუმში ჩამოსვლას მოგვიანებით გამოხმაურებია "მოსკოვსკიე ვედომოსტი". ამ გაზეთიდან მასალა ქართულმა "დროებამაც" გადაბეჭდა. ერთ-ერთ ნომერში ნათქვამია: "მოსკოვის უწყებებსა" სწერენ: მთავრობას განზრახვა აქვს ის ადგილი, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში მდებარეობს და ყოროლის თავი ჰქვიან, ზამთრის სანიტარიულ სტანციად გახადოს, როგორც მდაბალი ჩინებისათვის, ისე კერძო პირთათვის, რომელნიც გულს იტკივებენ ეს ადგილი თითონ პროფესორმა ვირხოვმაც გასინჯა და ძალიან მარგებელ ადგილად იცნო". მოგვიანებით იგივე გაზეთი აზუსტებს ამ ადგილის მეპატრონეს (რეჯებ-ეფენდი) და აფართოებს ბათუმის ოლქის საკურორტო გეოგრაფიას: "არის ერთი კუთხე, რომელთან შედარებით ყოროლის თავი არაფერია. ეს კუთხე ჭოროხის ხეობაა, ქ. ართვინიდან დაწყებული აჭარის წყლამდე. ეს ხეობა ათჯერ უფრო გრძელია ყოროლისთავზე და თითქმის ამდენადვე უფრო დიდებულია, ლამაზი და მცენარეულობით მდიდარი". ბათუმში ყოფნისას რუდოლფ ვირხოვმა რამდენიმე პიროვნების ანთროპოლოგიური მონაცემებიც ჩაიწერა, რაც შემდგომში გამოქვეყნდა რუსულ და გერმანულ კრებულებში. კერძოდ, გერმანულ ჟურნალ "ცეიტშრიფტ ფურ ეთნოლოგიე" 1883 წელს დაიბეჭდა რუდოლფ ვირხოვის ცნობები კავკასიის ისტორიასა და აქ დასახლებული ხალხების საქმიანობაზე. ქართველი საზოგადოებრიობა დიდი ყურადლებით შეხვდა ყრილობას და რუდოლფ ვირხოვის სტუმრობას. ილია ჭავჭავაძემ 21 სექტემბერს საგანგებო ბანკეტი გაუმართა ყრილობის მონაწილეებს, აკაკი წერეთელი კი ამ ბანკეტზე ყრილობის მონაწილეებს სიტყვითაც მიესალმა. ეს სიტყვა მხოლოდ დიდი პოეტის თხზულებებშია შეტანილი, მას ფართო მკითხველი, მით უმეტეს ექიმთა საზოგადოება არ იცნობს. დიდი პოეტის მისალმება რუსულ ენაზეა. "ივერია" მოგვიანებითაც არ ივიწყებდდა რუდოლფ ვირხოვს. პათოლოგანატომი, ფიზიოლოგი, ჰისტოლოგი XIX საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, პათოლოგიური ანატომიის შემქმნელი. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...) : წ. 1 : (... უძველესი დროიდან 1945 წლამდე) / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.117-122; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია : ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge; ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.137 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

