| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰერმან ვილჰელმ აბიხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბერლინი, გერმანია. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1831 წელს. 1833-1834 წლებში შეისწავლა იტალიის ვულკანები: ეტნა, სტრომბოლი და ვეზუვი. სწავლობდა გეიზერებსაც. 1841 წელს მიიწვიეს დერპტის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში გეოლოგიის კათედრაზე. 1843 წლიდან დაიწყო მრავალწლიანი გამოკვლევები კავკასიასა და ირანში. 1854 წელს დასახლდა კავკასიაში, სადაც დარჩა 1877 წლამდე. აბიხის შრომები შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს კავკასიის გეოლოგიის შესახებ. აბიხმა შეისწავლა ამ მხარის ცალკეული რეგიონების გეოლოგიური აგებულება, აღწერა სასარგებლო წიაღისეულის (ქვამარილი, მანგანუმი, ნავთობი და სხვა) საბადოები. მისი შრომების ნაწილი მიძღვნილია მიწისძვრების, მყინვარებისა და სხვა საკითხებისადმი. ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა ქიმიური პრობლემები პეტროგრაფიაში და ხაზი გაუსვა მინდვრის შპატების მნიშვნელობას ვულკანოგენური ქანებისათვის. სრულად აღწერა კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური აგებულება. პირველმა განმარტა მეცნიერულად კავკასიის ოროგრაფიის ხასიათი, მთების აზევების ძირითადი მიმართულებანი, მათი ასაკი, ურთიერთკავშირი. აბიხის შრომებმა დიდად შეუწყო ხელი სამთო საქმის განვითარებას კავკასიაში. 1870-1873 წლებში შეისწავლა სევანის ტბის სამხრეთით მდებარე რეგიონი. აბიხმა საერთო ჯამში კავკასიაში დაახლოებით 37 წელი იცხოვრა. კავკასიაში ყოფნისას მან გააშუქა სტატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, გეოტექტონიკური, სეისმოლოგიური, გეომოროფლოგიური და გლაციოლოგიური საკითხები. აღწერს ნიადაგების აგებულებას, კავკასიონის ძველსა და თანამედროვე გამყინვარებას და სხვ. გამოიკვლია თრიალეთისა და ქართლის ქედები, კოლხეთის დაბლობი, მდინარეების ენგურისა და ყვირილის ზემოთები. თბილისში ყოფნისას აბიხმა პირველად შეისწავლა თბილისში განლაგებული "არეულშრეებრივი კონგლომერატები" და თბილისის მინერალური წყლები. "კავკასიის გეოლოგიის მამად" აღიარებული ჰერმან ვილჰელმ აბიხი ძირითადად თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა საგანგებო დავალებათა მთავარი ჩინოვნიკის თანამდებობაზე. აბიხის ნაშრომებმა ხელი შეუწყო სამთო საქმის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე მთელ კავკასიაში. გარდა ამისა, მეცნიერმა პირველმა შეისწავლა თბილისის მინერალური წყლები, ერთ-ერთ მინერალს კი თავისი სახელი – აბიხიტი დაარქვა; მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში მანგანუმის, სპილენძის, რკინისა და ქვანახშირის საბადოების შესწავლაში; ჰერმან ვილჰელმ აბიხის სახელს უკავშირდება კავკასიაში მეტეოროლოგიური სადგურების ქსელის განთავსება. "ო, კავკასია, რა მთები, რამდენი ამაღლებული რამ იხილეს ჩემმა ცოდნისმწყურვალე თვალებმა!" – წერდა კავკასიით აღფრთოვანებული აბიხი. ჭიათურის მანგანუმის საბადოს პირველაღმომჩენი და მკვლევარი. მას ეკუთვნის კავკასიისადმი მიძღვნილი 18 მეცნიერული ნაშრომი, მ. შ. 20 ვრცელი მონოგრაფია თანდართული გეოლოგიური რუკებით. 1876 იგი გადასახლდა ვენაში, სადაც სამ ნაწილად მოამზადა განმაზოგადებელი ნაშრომი კავკასიის გეოლოგიის შესახებ (1878–1887). ამ ნაშრომის I და II ნაწილებს მიენიჭა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონსტანტინეს მედალი (1883). გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, კავკასიის მკვლევარი. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.118; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია : ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

