| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავითი ალადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს; სწავლა განაგრძო ლენინგრადის (სანქტ-პეტერბუგი) იოფეს სახელობის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1973-1974წწ. გადიოდა სამეცნიერო სტაჟირებას ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლოთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1975 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1989 წელს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები; 1979 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1990 წელს პროფესორის სამეცნიერო წოდებები. 1975 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე: 1975-1977წწ. იყო ნახევარგამტართა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, 1977-1979წწ. მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის ასისტენტი, 1979-1989წწ. ამავე კათედრის დოცენტი, ხოლო 1989-2006წწ. მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის პროფესორი; წლების განმავლობაში იყო ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს არჩეული წევრი; დ. ალადაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების წევრი; 1976 წელს მუშაობდა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მაღალი წნევების ინსტიტუტში; 1989 წელს იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 1994-2006წწ. იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი საქართველოში. დ. ალადაშვილი მრავალი ცნობილი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი ძირითადი შრომები ეხება ნახევარგამტარების თვისებებზე ძლიერი ელექტრული ველის, იზოტროპული და ანიზოტროპული დეფორმაციების გავლენის შესწავლას ნახტომისებური და მინარეული გამტარებლობის არეებში; მისი კვლევების შედეგად აღმოჩენილ იქნა ახალი მოვლენა - უარყოფითი დიფერენციალური წინაღობა ნახტომისებურ გამტარებლობის არეში. ნაჩვენებია, რომ დაბალსიხშირული დენის ძალის ოსცილაციები დაკავშირებულია ახალი ტიპის დომენების (რომლებსაც ნახტომისებური დომენები ეწოდა) წარმოქმნასთან და მოძრაობასთან კრისტალის მოცულობაში. შექმნილია ამ მოვლენის ახსნის ფიზიკური მოდელი. დ. ალადაშვილმა პირველმა ჩაატარა ექსპერიმენტები მაღალი სუფთაჰიდროსტატიკური წნევის გავლენის შესწავლის ნახევარგამტართა თვისებებზე დაბალ (თხევადი ჰელიუმის) ტემპერატურაზე. დ. ალადაშვილის შრომები ქვეყნდებოდა მოუწესრიგებელი ნახევარგამტარების ფიზიკის უახლესი მიღწევების და საბჭოთა კავშირში შესრულებული ნახევარგამტართა ფიზიკაში საუკეთესო შრომების კრებულებში; დ. ალადაშვილი იყო არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მიწვეული მომხსენებელი (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი); დ. ალადაშვილი აგრეთვე იყო მრავალი საერთაშორისო კვლევითი გრანტის და პროექტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სკოლა-სემინარების და კონფერენციების ორგანიზატორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია : ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედია: encyclopedia.tsu.ge; gans.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

