| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე შიროკოგოროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რიკოვსკაია ნოვოსიოლკა, იურიევსკის რაიონი, ვლადიმირის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა ვლადიმირის სასულიერო სემინარია 1890 წელს. 1896-1901 წლებში სწავლობდა იურიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მუშაობდა იურიევის უნივერსიტეტის ზოგადი პათოლოგიის კათედრაზე ანატომიის ასისტენტ-დოცენტად, 1903 წელს ბერლინში (ვირხოვის მუზეუმსა და პათოლოგიურ ინსტიტუტში), 1908 წელს პარიზში (პასტერის ინსტიტუტში ი. ი. მეჩნიკოვის ხელმძღვანელობით). ამ ორ სამეცნიერო მისიას შორის, 1904-1906 წლებში, იყო სამხედრო ექიმი შორეულ აღმოსავლეთში და მონაწილეობდა ეპიდემიასთან ბრძოლის ორგანიზებაში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის წითელი ჯვრის სახელით, მან ფრონტზე ეპიდემიურ დაავადებებთან საბრძოლველად სამედიცინო რაზმი ჩამოაყალიბა. 1918 წელს იურიევის უნივერსიტეტი ვორონეჟში იქნა ევაკუირებული, ივანე შიროკოგოროვი კი ამიერკავკასიაში აღმოჩნდა, სადაც მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის შექმნაში და ერთი წლის განმავლობაში იქ ჰისტოლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ივანე შიროკოგოროვს საქართველოში ევროპული სამედიცინო პრაქტიკის შემოტანის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. იგი პირველად ბათუმში 1915 წელს ჩავიდა და გაეცნო იქაური სანიტარიული ექიმების: ა. ბეთანელის, კ. მეუნარგიას და ს. წერთლის საქმიანობას. იმ დროისათვის ტრაპიზონში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ინფექციები, რომლის ბათუმში გავრცელებას სწორედ ამ ექიმების მიერ კარგად ორგანიზებული მუშაობა და სანიტარიული რეჟიმი დაუპირისპირდა. ამის მოწმე გახდა ივანე შიროკოგოროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული შეზღუდვებისა და სამეცნიერო ცენტრებთან ჩამოშორების მიუხედავად, ქართველმა ექიმებმა შეძლეს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულება და სათანადო სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება. მაღალკვალიფიციურმა მეცნიერმა ბათუმელ ექიმებს გაუზიარა თავისი მდიდარი გამოცდილება და აღუთქვა, რომ მზად იყო ნებისმიერ დროს გაეწია მათთვის საჭირო კონსულტაციები. 1919 წელს, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ლტოლვილების ინვალიდების და უსახლკაროების მოზღვავების გამო მოსახლეობის რიცხვი გაორმაგდა და საშიში ეპიდემიოლოგიური სახე მიიღო, ივანე შიროკოგოროვი ბათუმში ჩავიდა ცნობილ ქართველ მეცნიერ-ეპიდემიოლოგთან, სიმონ ამირეჯიბთან (1877-1936) ერთად, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის მატარებელ-ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1920 წლის სექტემბერში ბათუმის ექიმთა საზოგადოების სხდომაზე ივანე შიროკოგოროვმა გააკეთა მოხსენება, "შავი ჭირის ეპიდემია ბათუმში". ივანე შიროკოგოროვი და სიმონ ამირეჯიბი პირადად ხელმძღვანელობდნენ ავადმყოფთა მოვლისა და მკურნალობის რეჟიმის კონტროლს და რეგულარულად გამოდიოდნენ საინფორმაციო მოხსენებებით ექიმთა საზოგადოების სხდომებზე. 1920 წლის დეკემბერში ივანე შიროკოგოროვი აირჩიეს ახლად გახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგედ, სადაც მან შეცვალა გამოჩენილი ქართველი ქირურგი გრიგოლ მუხაძე. ერთი წლის შემდეგ ის გადაიყვანეს ბაქოში, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე ქართველ კოლეგებთან კავშირი არ გაუწყვეტია. პათოლოგანატომი. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.100-102 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

