| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე პალიბინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა კადეტთა კორპუსში. 1889 წლიდან მუშაობდა მოსკოვის ბოტანიკურ ბაღში, 1895 წლიდან მუშაობდა და სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო ბოტანიკურ ბაღში. 1906 წელს გაემგზავრა შვეიცარიაში, 1906-1910 წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1915 წლამდე მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის ბოტანიკურ ბაღში. 1916-1922 წლებში იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. მონაწილეობდა ბოტანიკურ ექსპედიციებში აღმოსავლეთ აზიაში, კავკასიაში, იმიერბაიკალსა და ყაზახეთში. 1923 წელს ისევ დაბრუნდა ლენინგრადში, 1929-1932 წლებში ხელმძღვანელობდა ლენინგრადის ბოტანიკურ ბაღსა და მუზეუმს, 1932 წლიდან ორგანიზებას უწევდა და ხელმძღვანელობდა პალეობოტანიკის სექტორს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში. 1934 წელს ივანე პალიბინს მიენიჭა ბუნებისმეტყველების დოქტორის ხარისხი, ხოლო 1939 წელს - პროფესორის წოდება. ლენინგრადის ბლოკადის დროს იგი ლენინგრადში დარჩა ინსტიტუტის ქონების დასაცავად. ძირითადად იკვლევდა მესამეული პერიოდის ფლორას. ივანე პალიბინი მონაწილეობდა 1901 წელს ყინულმჭრელ "ერმაკზე" მოწყობილ ექსპედიციაში, მისი სახელი ეწოდა კონცხს (ბარენცის ზღვა, ფრანც იოსების მიწა, სამხრეთ ჰოხშტეტერის კუნძული). კავკასიას ივანე პალიბინი გაეცნო 1911-1912 წლებში, შავი ზღვის სანაპირომ მისი დიდი ინტერესი გამოიწვია და ათზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფლორას მიუძღვნა. მათ შორისაა ერთ-ერთი პირველი ნაშრომი აჭარის, კერძოდ, გოდერძის უღელტეხილის რელიქტური ფლორის შესახებ, რომელშიც მეცნიერი იძლევა მთიანი აჭარის მცენარეულის განვითარების რეკომენდაციებს. ივანე პალიბინის სახელთანაა დაკავშირებული კავკასიაში ჩაის კულტურის შემდგომი განვითარება, აგრეთვე ჟენ-შენის, ძირტკბილას, გლერძას მოშენება, რომელთაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდათ მეცნიერული ფარმაციისა და ფარმაცევტული მრეწველობის განვითარებაში. ივანე პალიბინს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბათუმელ ექიმებთან, რომლებმაც ის საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს, თვითონაც ხშირად გამოდიოდა საინტერესო მოხსენებებით. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ივანე პალიბინი მიესალმა ექიმთა საზოგადოების მუშაობის განახლებას, ამასთან ერთად წინადადება შეიტანა ამ საზოგადოებაში გაეერთიანებინათ ნატურალისტები. ბოტანიკოსი და პალეონტოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1934), პროფესორი (1939). წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.103-105 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

