| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაცევტული ინსტიტუტი 1894 წელს. 1899 წელს დაიცვა დისერტაცია ფარმაციის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. დაუდგინა რა რუსეთის ფარმაცევტთა საზოგადოებას რუსეთში პირველი თავისუფალი აფთიაქის გახსნის 200 წლის თარიღი, 1901 წელს ჩაატარა მოსკოვში ამ თარიღისადმი მიძღვნილი ზეიმი. ორჯერ იმოგზაურა სვანეთში რუსეთის ფარმაცევტთა და არქეოლოგთა დავალებით, აღწერა სამკურნალო მცენარეები და ფოტოებზეც აღბეჭდა (1903-1904). ექსპედიციის შედეგებზე წიგნი გამოსცა. 1919 წელს ივანე ტყეშელაშვილი სამშობლოში ბრუნდება, მკვიდრდება თბილისში და ზემელის აფთიაქთან ხსნის ქიმიურ - ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას. 1920 წელს იყო თსუ-ში სამკურნალო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის ასისტენტი. მან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა თავის დიდი წიგნსაცავი. 1920 წელს სათავეში ჩაუდგა უნივერსიტეტის სამკურნალო მცენარეების შემსწავლელ ექსპედიციას სოხუმის მიდამოებში. შეისწავლა საზღვარგარეთ საინექციო ხსნარების მომზადების ტექნოლოგია და დანერგა რუსეთსა და საქართველოში. გამოიგონა განსაკუთრებული აგებულების შპრიცი. წერდა კინოსცენარებს. 1893 წელს პირველს ქართველთაგან დაუბეჭდეს ("შახმატნი ჟურნალ", 1893) ორსვლიანი საჭადრაკო ამოცანა - შამათი ორ სვლაში. სწორედ ამ ნაწარმოებით იღებს სათავეს საჭადრაკო კომპოზიცია საქართველოში. 1924 წლიდან უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფარმაკოლოგიაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქიმიკოსად "სახკურორტში", "სოციალური ჰიგიენის ინსტიტუტში" და "სუბტროპიკული კულტურებისა და ფარმაკოლოგიის ტექნიკური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტში", მაგრამ პარალელურად თავს არ ანებებდა საყვარელ საქმესა და ფოტოგრაფიას. 1931 წელს სახელმწიფო კინო–ინდუსტრიის დავალებით იგი ხელმძღვანელობდა ფილმის – "Флора Грузии или знойный Юг" გადაღებებს. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და სწავლობდა კავკასიის სამკურნალო და შხამიან მცენარეებს და ამ თემაზე დაბეჭდილი აქვს რამდენიმე მონოგრაფია. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე გამოგონება სამრეწველო ქიმიასა და ფოტოგრაფიულ ქიმიაში. პირველი ქართველი პროვიზორი ფარმაციის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხით. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.511-512; ცნობილი მაღლაკელები: maglaki.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

