The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თუფან-ბეგ შერვაშიძე

თუფან-ბეგ შერვაშიძე
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:1913  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

თუფან-ბეგი ჰაჯი-ასლან-ბეგის შვილი იყო. მისი ახალგაზრდობაზე თითქმის არაფერია ცნობილი. 1877-1878 რუსეთ-თურქეთის ომისა და დაზავების შემდეგ ახლადდაპყრობილ ქართულ პროვინციებში რუსეთის ხელისუფლებას სანდო და ხალხის მიერ აღიარებული პირები სჭირდებოდა, ქედის მაზრაში არჩევანი თუფან-ბეგზე შეაჩერეს. მას მაიორის წოდება მიანიჭეს და ქედის მაზრის უფროსობაც ჩააბარეს. თედო სახოკიას თქმით "მასზე უკეთესს, ბუნებისაგან ჭკუით დაჯილდოებულს, დარბაისელს და გავლენიანს ამ მხარეში ვერც იპოვნიდნენ". ანალოგიურია ზაქარია ჭიჭინაძის უფრო ადრინდელი დახასიათებაც. მისი თქმით, თუფან-ბეგი იყო, "დიდი ერთგული თავისი ქვეყნის, მომხრე ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრების და თითქმის მისთვის მებრძოლიც, რომ ქართველი მაჰმადიანები ოსმალეთში სულ არ წასულიყვნენ". ე. ი. თუფან-ბეგი მუჰაჯირობის წინააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლი იყო. ზაქარია ჭიჭინაძე სხვა დროსაც შეხვედრია მას და მოუსმენია: "ჩაბარების წინა თვეებში (ე. ი. 1878 წლამდე) აჭარაში კინაღამ ამიკლეს და სულ მიწაზე გამასწორეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვუქადაგებდი ხალხს ნუ იყრებით, იყავით თქვენთვის, ჩავბარდეთ რუსეთს, მათ ხელში ცუდი არ მოგველის რაო". თუფან-ბეგის გარდაცვალების შემდეგ ქართული პრესა წერდა: "თუფან-ბეგი ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა ალი-ფაშა თავდგირიძის აგიტაციას გადასახლების სასარგებლოდ და დიდი თანაზიარი იყო აჭარის მუფთის ახმედ ხალიფაშვილი, რომელიც ილაშქრებდა აგრეთვე მუჰაჯირობის წინააღმდეგ" (გაზეთი "საქართველო", 1915 წელი). თუფან ბეგმა ქართული წერა-კითხვა არ იცოდა და მისი შესწავლა დაუწყია პეტრე უმიკაშვილის მიერ ქედაში გამოგზაგვნილი "დედა-ენით". ამის შესახებ აბდულ მიქელაძე პეტრე უმიკაშვილს წერდა: "რამდენიმე პირები: თუფან შერვაშიძე, ალი-ბეგ შერვაშიძე, ალი-აღა აბულაძე სხვებიც ეჩვევიან წერას. თქვენ რომ აზბუკები მიბოძეთ, იმათგან დოურიგე ამათ თქვენი შემწეობით, მეც ყურადღებას ვაძლევ" (ა. მიქელაძე, "წერილები აჭარიდან", თბ., 1991, გვ. 43). შემდგომში თუფან-ბეგს ისე კარგად შეუსწავლია ქართული წერა-კითხვა, რომ "ვეფვხისტყაოსანსაც" კი კითხულობდა, რომელიც მას ძალზე უყვარდა". ზაქარია ჭიჭინაძე ასე ახასიათებდა თუფან-ბეგს: "1891-1892 წლებში ამასთან ცხოვრების დროს ბეგმა მიამბო, რომ აყრის და გადასახლების დროს მე 2000-3000 კაცის შენახვა მიხდებოდა. მუდამდღე აჭარაში ფქვილს ვურიგებდი მუქთად და ასე ვაწყნარებდიო, ბეგი მოყვარულია "ვეფხისტყაოსნის" კითხვის" (ზ. ჭიჭინაძე, "ქართველ მაჰმადიანთა გადასახლება ოსმალეთში", თბ., 1914, გვ. 187,183). იგივე აბდულ მიქელაძე 1898 წლის 8 ნოემბერს წერდა: "აჭარის უფროსად აგერ ოცი წელიწადია თუფან-ბეგ შერვაშიძე იმყოფება. იგი მუდამ ღარიბი ხალხის მოსარჩლე და სწორს გზაზედ დამყენებელი იყო. აქ ყველა მისი მადლობელია, რადგან თუ რაიმე სიკეთე გვჭირს დღეს, ეს სულ თუფან-ბეგ შერვაშიძის წყალობით. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, იგი რათ ჰღირს, რომ მისის რჩევითა და მამაშვილურის დარიგებით, ბევრი აღარ გადასახლდა ოსმალეთში. ეხლა ამ დალოცვილმა თავისის ნებით სამსახურს თავი დაანება ჩვენში, რის გამოც ჩვენებური ხალხი ძლიერ სწუხს". (იქვე, გვ. 63). თუფან-ბეგ შერვაშიძე ყოველთვის გამოდიოდა ადგილობრივი მოსახლეობის, უსამართლობით შევიწროებული ხალხის დამცველად და ამისათვის ხშირად თავის კეთილდღეობას მსხვერპლად წირავდა. ბათუმის პოლიცმეისტერმა ჩიქოვანმა 200 მანეთი შეაძლია ერთ ახალგაზრდა კაცს თუფან-ბეგ შერვაშიძის და სხვა გავლენიან მაჰმადიან ქართველთა მოსაკლავად. აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული საბუთით მტკიცდება, რომ "იმ ახალგაზრდამ, რომელსაც შერვაშიძის მოკვლა დაავალა პოლიცმეისტერმა, ყველაფერი უამბო მემედ აბაშიძეს, როგორც დიდ გავლენიან პირს. ამ უკანასკნელმა კი დაუყოვნებლივ მიიღო ზომები პოლიციის მიერ მომზადებული ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად". თუფან-ბეგ შერვაშიძე 1913 წელს ბათუმში გარდაიცვალა. ყადირ და ზექერია შერვაშიძეების მამა.

წყარო: ყადირ შერვაშიძე / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2001.-გვ.15-19


გააზიარე: