შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ქვაჩაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბოტანიკის განხრით 1961 წელს; 1961-1964წწ. გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ხელმძღვანელობით. 1965 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1982 წლიდან გეობოტანიკის განყოფილების გამგედ. სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 1996 წლიდან შეთავსებით მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ლანდშაფტების ეკოლოგიისა და გარემოს მონიტორინგის განყოფილებაში. მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა საქართველოს მცენარეული საფარის სტრუქტურისა და დინამიკის შესწავლა. იგი მრავალი ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელია, გამოიკვლია საქართველოს მთისა და ბარის რეგიონების ბუნებრივი მცენარეულობა - ტყეები, მდელოები, სტეპები. ორიგინალურ მდიდარ მასალაზე დაყრდნობით მან პირველმა შეადგინა ქვეყნის დეტალური გეობოტანიკური დარაიონება (1996) და ტყის მცენარეულობის ტიპოლოგია - ფიტოცენოზთა სისტემატიკა (2001). იგი 80-ზე მეტი სამეცნიერიო ნაშრომის ავტორია, რომლებშიც განხილულია საქართველოს ბუნებრივი მცენარეული თანასაზოგადოებების (ფიტოცენოზების) ვერტიკალურ-ზონალური და ჰორიზონტალური გავრცელების კანონზომიერებები, ტყეების ტიპოლოგიური სტრუქტურა, ფიტოცენოზთა ცვლა (სუქცესია) ბუნებრივ პირობებთან და ანთროპოგენურ ზემოქმედებასთან კავშირში. მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად იგი არის სპორტის ოსტატი, 1957-1966წწ. იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების წევრი მძლეოსნობაში. არის საქართველოს მრავალგზის ჩენპიონი და რეკორდსმენი სიგრძეზე ხტომაში (7, 79 მ.), საკავშირო შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, რომის მე-17 ოლინპიური თამაშების (1960) მონაწილე. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1986). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კახეთის კავკასიონის სუბალპური სარტყლის ძირითადი მერქნიანი მცენარეების ფიტოცენოლოგიური პოზიციები და ეკოლოგიურ-ბიოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიონის სამხრეთი კალთის მაღალმთის ტყეები და მათი ცვლის ძირითადი მიმართულებანი", დაიცვა 1980 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.260-261 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |