The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეფრემ მცირე

ეფრემ მცირე
დაბადების თარიღი:100?
გარდაცვ. თარიღი:110?
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, წმინდანი

ბიოგრაფია

ბავშვობა კონსტანტინოპოლში გაატარა. იქვე მიიღო საფუძვლიანი განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა. 1091 წელს კასტანის მონასტრის წინამძღვრად აურჩევიათ შავი მთის ქართულ კოლონიაში. იქაური ქართველი მოღვაწეები ქართული მწერლობის აყვავებისა და განვითარების საქმეს ემსახურებოდნენ. მათ სათანადოდ გამოიყენეს ეფრემ მცირეს ნიჭი, დიდი განსწავლულობა და ბერძნული წიგნების თარგმნა დაავალეს. ეფრემ მცირემ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს; 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს. ამასთან, მთრგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება; 3. დედნის ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში, კერძოდ, ეგზეგეტიკური მწერლობის განვითარებაში. მან იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით დაწერა ეპისტოლეთა თარგმანება ანუ განმარტება, შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითნის კატენებისა; თარგმნა ეკლესიასტეს კომენტარები გრიგოლ ნეოკესარიელისა, ეზეკიელის მეტაფრასი, რომელსაც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ბასილი დიდი კესარიელის "ასკეტიკონი" ("ითიკის" გარეშე), ეფრემ ასურის "ასკეტიკონი", კასიანე ჰრომაელის, პალადიოს ელენოპოლელის, თეოდორიტე კვირელისა და სხვათა ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებანი. იგი ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჰაგიოგრაფიაშიც: თარგმნა თეოდოსი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნეოკესარიელის, იოანე დამასკელისა და სხვათა მეტაფრასული ცხოვრებანი, ჰომილეტიკური მწერლობის მრავალი ძეგლი, მათ შორის, გრიგოლ ნაზიანზელის, გიორგი ნიკომიდიელის, სოფრონ იერუსალიმელის, ანასტასი სინელის, ანდრია იერუსალიმელისა და სხვ. თხზულებანი, აგრეთვე ლიტურგიკული ძეგლები. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ნათარგმნი და ორიგინალური იამბიკო. ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მის სახელთან. XI-XIIსს. საქართველოში მან საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიური აზროვნების ორ მნიშვნელოვან ნაკადს - არისტოტელიზმს (იოანე დამასკელის მიერ გადამუშვებული სახით) და ნეოპლატონიზმს (ფსევდოდიონისე არეოპაგელის მოძღვრების სახით). იოანე დამასკელის "ცოდნის წყაროს" ეფრემისეული ქართული თარგმანის კომენტარებში გადმოცემულია ეფრემ მცირეს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფიური მნიშვნელობა შუა საუკუნეების აზროვნებაში განისაზღვრება თეოლოგიის თეორიული დასაბუთებით და ანტიკური ფილოსოფიის საფუძველზე მისი დაცვით გარეშეთაგან, გარეშე ფილოსოფიის წინააღმდეგ პაექრობით "მათითავე ისრითა". იქვე იგი გამოთქვამს შეხედულებას იმის შესახებ, რომ თეოლოგია და ფილოსოფია აზროვნების აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია და რომ ისინი ერთმანეთს სრულყოფენ. შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო არეოპაგიტული მოძღვრება, რომლის შემოტანა ქართულ სინამდვილეში დაკავშირებულია ეფრემ მცირესთან. მის მიერ თარგმნილმა არეოპაგიტულმა კორპუსმა და კომენტარებმა დიდი როლი ითამაშა ქართული ნეოპლატონიზმის განვითარებაში, გააღვივა ინტერესი არეოპაგიტული მოძღვრების ანტიკური წყაროებისადმი, კერძოდ, პროკლეს მოძღვრებისადმი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა შემდეგ იოანე პეტრიწის ფილოსოფიული შეხედულებანი. არეოპაგიტიკამ და პეტრიწის ფილოსოფიურმა შეხედულებებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს რუსთაველის მსოფლმხედველობას და მისი ჰუმანიზმის თეორიულ საფუძვლად იქცნენ. დიდია მისი დამსახურება ქართულ ფილოსოფიური ტერმინოლოგიის გამომუშავების საქმეში. მის მიერ შემოღებული მრავალი ფილოსოფიური ტერმინი დღესაც იხმარება. XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. ეფრემმა კი მეცნიერულად დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა. ეკლესიის, ერის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმიდანად შერაცხა. XI საუკუნის II ნახევრის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.247-248; ამბიონი: ambioni.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: