შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა-ფშაველა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რაიონი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 - 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 - 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" – 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" – 1881 წელს ("იმედი", № 3 – 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" – 1881 წელს ("დროება", № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი; ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი"(1888-1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.; დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894); იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს "ლაშარობა" (1888), "ფშავლები"– "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.296 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |