The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



გრიგოლ ორბელიანი

გრიგოლ ორბელიანი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1804
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1883  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის" - 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" - 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში, ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 – 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - ”ივერიის ნუგეშ-დიდება” მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა.

გრ. ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი" - 1829; 1833; 1835 წწ.).

პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების შესახებ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: