შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი არდაზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1837 წელს. 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, "ამიერკავკასიის პრიკაზში", გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა. სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით ("ცისკარი", 1858) და მალე "ცისკრის" წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი "ფულები" - "ცისკარი", 1859), ხოლო ცნობილ რომანში "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" ("ცისკარი", 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება თავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის - მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში "მორჩილი" ("ცისკარი", 1862). იგი არის ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала "Заря". С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» ("ცისკარი", 1859), "პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე" ("ცისკარი", 1859), "ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა" ("ცისკარი", 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში "მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ" ("ცისკარი", 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, "ცრუგანათლებულნი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.558; ცნობილი მწერლების პორტალი: about-famous-writters.blogspot.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |