The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ლავრენტი არდაზიანი

ლავრენტი არდაზიანი
ოფიციალური სახელი:ალექსი ელბაქიძე
სხვა სახელი:ლავრენტი არდაზიანი  (ფსევდონიმი)
ბიძია თორნიკე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1815
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1870  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

  დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1837 წელს. 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, "ამიერკავკასიის პრიკაზში", გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა. სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით ("ცისკარი", 1858) და მალე "ცისკრის" წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი "ფულები" - "ცისკარი", 1859), ხოლო ცნობილ რომანში "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" ("ცისკარი", 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება თავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის - მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში "მორჩილი" ("ცისკარი", 1862).  იგი არის ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала "Заря". С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» ("ცისკარი", 1859), "პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე" ("ცისკარი", 1859), "ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა" ("ცისკარი", 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში "მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ" ("ცისკარი", 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, "ცრუგანათლებულნი".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: