The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1840
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1915  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი.

ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და  საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა, 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც მალევე სიმღერის სახითაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს დიდი პოპულარობა მოუტანა.

მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო, დაპატიმრებულიც კი იყო.

ილია ჭავჭავაძესთან ერთად, აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტ სახალხო პოეტად. ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: