Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ გოგებაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი. დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში, 1861 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1864) იგი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1968 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს. ი. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865); "ბუნების კარი" (1868); "დედა ენა" (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის სახელმძღვანელოები. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა" (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს". ი. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. - თბ., 1978. -გვ. 196-197; საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 2012 გვ. 56-58 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |