The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გურამიშვილი

დავით გურამიშვილი
დაბადების თარიღი:1705
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 1792  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მირგოროდი, უკრაინა
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორის უბანი, საგურამოს თემი.

სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში - მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით.როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი "დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია. გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. "დავითიანი" მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს ხალხთა ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 3.-თბ.,1978.- გვ.310-311; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 103-105

ბიბლიოგრაფია

  • დავითიანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 329 გვ.
  • ლირიკა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 94 გვ.
  • ისმინე სწავლის მძებნელო : ლექსები, აფორიზმები, სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1980. - 34 გვ.

გააზიარე: