ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
შალვა დადიანი
| დაბადების თარიღი: | 9 მაისი, 1874 |
| გარდაცვ. თარიღი: | 15 მარტი, 1959 (84 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | დრამატურგი, მსახიობი, მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.
დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება შინ მიიღო. ადრეული სიჭაბუკის წლებში შ. დადიანი გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურმა და პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" (1892) და პროზაული მინიატურები. 1893 წლიდან მან მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვ. ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა. შ. დადიანი არსებითად ქართულ დრამატურგიაში კომედიური ჟანრის ფუძემდებელია. მის კომედიაში "კაკალ გულში"(1928) მხილებულია შემორჩენილი ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დრამატურგიაში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა "თეთნულდი" (1931), რომელშიც ავტორმა ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. შალვა დადიანი ავტორია ისტორიული რომანისა "გიორგი რუსი" (1916 – 1926), რომელშიც ასახულია XII – XIII საუკუნეების საქართველო. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა (1959). შალვა დადიანს დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტური წერილები; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობა. მის პიესებს დღემდე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული თეატრის რეპერტუარში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
- რაც გამახსენდა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1959. - 301გვ.
- გვირგვილიანების ოჯახი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1956. - 520გვ.
- გუშინდელნი : კომედია 3 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრ. საზ-ბის გამ-ბა ხელოვნება, 1948. - 60გვ.
- გიორგი რუსი : სამ-კარიანი რომანი, ქარგა ისტორიული (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1946. - 350გვ.
|