ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ლადო ასათიანი
| ოფიციალური სახელი: | ვლადიმერ ასათიანი |
| დაბადების თარიღი: | 14 იანვარი, 1917 |
| გარდაცვ. თარიღი: | 23 ივნისი, 1943 (26 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ლექსების გამოქვეყნებისთანავე თვალსაჩინოდ გამოვლინდა მისი პოეზიის თავისებურება, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავესა და უშუალობასთან, XIX საუკუნის ქართული კლასიკური ლირიკის ტრადიციებთან. ასათიანის პოეზიის არსებითი თვისებაა მაჟორული ხმოვანება და ეროვნულ-პატრიოტული განწყობილება. ეს განწყობილება ბატონობს მის პატრიოტულ ლირიკაში ("სალაღობო", "კრწანისის ყაყაჩოები", "ცხრა ძმა ხერხეულიძე"), ძველი საქართველოს ყოფისა თუ პოეტის ბავშვობის ამსახველ კოლორიტულ სურათებში, ფიროსმანისამდი მიძღვნილ თავისებურ ციკლში ("ფიროსმანის დუქანი", "სასაფლაო", "ანდერძი") და სხვ. ნაადრევი სიკვდილის წინათგრძნობით აღძრული მწუხარე ფიქრები დაძლეულია სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით, რისი სათავეც მამულის სიყვარულია. საქართველოს ისტორიის მძაფრი პერიპეტიები ასათიანის პოემებსა ("სპინძა", "ბასიანის ბრძოლა") და ლექსებში განუყოფლად ერწყმის თანამედროვეობის ცხოველ განცდას. მის პოეზიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ფრაზის სისადავე, სიტყვის მუსიკალობა, აზრის აფორისტული სიზუსტე, ტევადობა და წრფელი არტისტიზმი.
ბიბლიოგრაფია
- წელიწადივით მწველი წადილი : ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 66 გვ.
- საქართველოში (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2005. - 109 გვ.. - ISBN: 99940-39-61-X
- ციხის სიზმარი : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, საარი, 2004. - 158 გვ.
- რჩეული (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 159 გვ.
- კრწანისის ყაყაჩოები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1979. - 30 გვ.
|