შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ორბელიანი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში. ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილების. მისი პირველი ლექსი "მთოვარე" გამოქვეყნდა 1832 წელს "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში". ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსის ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება. მწერლის მზერა საქართველოს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრე ორბელიანის მთავარი მიზანი. ყურადღებას იმსახურებს მისი "მემუარები", რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი "ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი". 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი ქართული სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად იმ დროინდელი მწერლობის განვითარებას. ალექსანდრე ორბელიანის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "1829 წლის არეულობა საქართველოში", "საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან", "დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა საქართველოში", "შეთქმა მეფის ირაკლის მეორეზე საქართველოში", "მოგონებანი", "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში" — რომელშიც, მართალია, ზოგიერთი ტენდენციურობით, მაგრამ საყურადღებო ფაქტების მითითებით, აღწერილია კრწანისის ბრძოლა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.555-556; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.80 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |