The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შატბერაშვილი

გიორგი შატბერაშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1965  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, ისტორიკოსი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1932 წელს.

მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ "მოწაფის ხმაში". ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე სცადა კალამი დრამატურგიაში. დაწერა პიესა ''დუშმანი", რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1933 წელს დაწერა ლექსი ''წერილი ახალგაზრდობას", რომელიც პიესა ''დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ატაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება. 1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო, დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. 1945 წელს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა   გიორგი შატბერაშვილის პიესა ''ფიქრის გორა", ამ პიესას მოჰყვა ''რკინის პერანგი " და ''ძველი სახლი ", რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა ''უცნობი ქალი". ბევრი საინტერესო მოთხრობა შექმნა მწერალმა. მან 1949 წელს მკითხველს შესთავაზა მოთხრობების წიგნი ''უკვდავი ფესვი". 1953 წელს მოხდა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. რეაბილიტირებულთა შორის იყო გიორგი შატბერაშვილიც. გიორგი შატბერაშვილისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ქართული წიგნის თაროებს ზედიზედ შემატა: მოთხრობები (1954 წ.), ''აიმ მთაზედა", ''სამაია" (1956 წ.), წერილებისა და ნარკვევების კრებული ''ნაფიქრი" (1959 წ.), ''მკვდრის მზე " (1960 წ.), ''ჩემს ძველ სახლში" (1960 წ.), პიესები (1963 წ.); საბავშვო წიგნები: ''კარგი ბიჭი" (1949 წ.), ''მტკვრის სათავისკენ" (1951 წ.), ''სათაფლია" (1958 წ.), ''ხილთა ქება" (1961 წ.), პოემა ''ზაფხულის ღამის ქრონიკები" (1963 წ.), ''ჭაშნიკი" (1964 წ.). ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში იყო 1962 წელს გამოცემული ვრცელი კრებული ''პოეზია, პროზა". 1970 - 1975 წლებში გამომცემლობა ''საბჭოთა საქართველომ" გამოსცა გიორგი შატბერაშვილის თხზულებათა ოთხტომეული. 1960 წელს მკითხველისთვის უკვე დაღვინებული მწერლის მიერ შემოთავაზებული შესანიშნავი მოთხრობა  ''მკვდრის მზე" გამოქვეყნებისთანავე ითარგმნა რუსულ ენაზე და მოსკოვში დაიბეჭდა რუსი მწერლის ნიკოლოზ ტიხონოვის წინასიტყვაობით. გიორგი შატბერაშვილი იყო მკვლევარი - ფილოლოგი, ამავე დროს ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი, წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების (''დროშა", ''ცისკარი " ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე იგი ჟურნალ ''მნათობის" რედაქციაში პროზის განყოფილებას განაგებდა. სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი (1953 წლიდან), პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.367

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის წევრი

ბიბლიოგრაფია

  • პიესები, 1944-1949 (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1950. - 220გვ.
  • უკვდავი ფესვი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1949. - 200გვ.
  • ფიქრის გორა : ლექსები, მოთხრობები, დრამა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1947. - 132გვ.

გააზიარე: