The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1962  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, იმერეთის რაიონი.

დაამთავრა ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით.

1908 წელს დაბრუნდა გერმანიიდან და ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბულში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. რობაქიძე გახლდათ, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა "გველის პერანგი", "დემონი და მითოსი", "ჩაკლული სული", "გრაალის მცველნი", "მეგი - ქართველი ასული" და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმე გზის გამოცემულმა მისმა კრებულმა "კავკასიური ნოველები". რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.333-334

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ცისფერყანწელები", დამფუძნებელი (1915-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, დამფუძნებელი (1917-)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, წევრი (1942-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: