The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ივანე მაჩაბელი

ივანე მაჩაბელი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1854
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 1898  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. თამარაშენი, ახლანდელი ცხინვალის რ-ნი.

1870 წელს  ი. მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია. 1871-74 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას, რამაც დიდი როლი ითამაშა ი. მაჩაბლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ივანე მაჩაბელი დაუახლოვდა  პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს, მასთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ ინტელიგენციაში. 1874-77წწ. ი. მაჩაბელი სწავლობდა ჯერ გერმანიაში, ჰოპენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, მერე-პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1879წ. მაჩაბელი დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები და თარგმანები. ი. მაჩაბელი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. იგი იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ. ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის მ.იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა "ვეფხისტყაოსნისათვის". ი. მაჩაბელი 1879წლიდან "ივერიის" აქტიური თანამშრომელი, ხოლო 1882-83წ. რედაქტორი იყო. 1883-85წ-ში იგი რედაქტორობდა გაზ. "დროებას". ი. მაჩაბელმა გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი", სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები, "ადვოკატი მელაძე", "ფრუ-ფრუ ანუ ცქრიალა საძაგელი", "ორ ცეცხლ შუა" და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა ივანე მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: