The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიკარპე კაკაბაძე

პოლიკარპე კაკაბაძე
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1893
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1972  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი კუხი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია 1911 წელს.

მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება." კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა "გზაჯვარედინზე'', რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს. 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში "შვიდი მნათობი" დაიბეჭდა მისი პიესები "სისხლი სინათლემდე"  და "სამი ასული". 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა "ლისაბონის ტუსაღები". დიდი პოპულარობით სარგებლობდა პ. კაკაბაძის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი", რომელიც ქართული საბჭოთა კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929 წელს, ახლებური იყო რ. სტურუას 1974 წლის დადგმა. 1938 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა კაკაბაძის კომედია "კოლმეურნის ქორწინება".  პ. კაკაბაძის ისტორიული პიესა "კახაბერის ხმალი" ("დავით მერვე", 1954),   პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში, 1965 წელს კი - თბილისში. სიცოცხლის ბოლო ათწლეულში პ. კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე" (1967), ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971). მან სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით შექმნილია ფილმი "ყვარყვარე." 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: