The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ გრიშაშვილი

იოსებ გრიშაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ მამულაშვილი
სხვა სახელი:გრიშაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 1965  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს. იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. სცენა მომავალი პოეტისათვის თეატრალური და ლიტერატურული განათლების სკოლად იქცა. იოსებ გრიშაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1905 წელს გამოვიდა. სცენის საკარნახო ნიჟარიდან იოსებმა ჟურნალ "ნიშადურში" გადაინაცვლა. იმ დღიდან საბოლოოდ დაუკავშირა თავისი ბედი მწერლობას და პოეზიას. 1919 წელს, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენს თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად ი. გრიშაშვილი ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ შრომას ეწევა. გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია; მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებას. მის პოეზიაში წამყვანი ადგილი უკავია სატრფიალო ლირიკას. იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების ქვაკუთხედი მაინც თბილისის თემაა. პოეტმა თბილისს მრავალი ლექსი და გამოკვლევა უძღვვნა. პოეტის თქმით, თბილისი იყო მისი ლექსების შთამაგონებელი: "თბილისის მეზვრე დავრჩები მუდამ სიყვარულიდან სიყვარულამდე".

გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მ. ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები. ი. გრიშაშვილი ბავშვობიდანვე უყრის საფუძველს საკუთარ უნიკალურ წიგნსაცავს. აღნიშნული უნიკალური წიგნსაცავი და სამუზეუმო  რელიკვიები,  პოეტის ანდერძის თანახმად, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3 .- თბ., 1979.- გვ.275; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.99-100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1947-1965)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - საქართველოს სახალხო პოეტი
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1945 - სომხეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: