Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ბარათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ ნ. ბარათაშვილის ერთ დროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად ''ამა სოფლის ამაოებათაკენ'' უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას. ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდანარევი ირონიით გამოიხატა ''მკაცრი ბედისა'' და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა. 1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია; მისი შემოქმედებიდან შემორჩენილია ორმოცამდე ლექსი და ერთი პოემა – "ბედი ქართლისა" (1839); არაერთი მისი ლექსი ("შემოღამება მთაწმიდაზედ", "ფიქრნი მტკვრის პირზედ", "სული ობოლი", "მერანი" და სხვა) ქართული პოეზიის ყველა დროის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 199-200; burusi.wordpress.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.47-48 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |